ივანიშვილი: თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებული პროექტების პრეზენტაცია მომავალ კვირას გაიმართება

თანაინვესტირების ფონდი წლის ბოლომდე ორი მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტებს დააფინანსებს, - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ფონდის ერთ-ერთმა მეწილემ, ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მან უკმაყოფილება გამოთქვა გავრცელებულ აზრზე, თითქოს ფონდი რეალურად არ მუშაობს.

„ვნახე კრიტიკული გამონათქვამები, რაზედაც საკმაოდ გული მეტკინა, არ იცის ამ ხალხმა ეკონომიკა და აკრიტიკებს. დღე და ღამე ვმუშაობთ... ძალიან ვჩქარობთ, ორჯერ და სამჯერ მეტი თანამშრომლები მივიღეთ, რომ შედეგი მალე მივიღოთ", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, მომავალ კვირას თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი, ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების პრეზენტაციას გამართავს, რომელთა საერთო ღირებულება მილიარდ დოლარს აღწევს.

"მოკლე დროში ეს არის უნიკალური შედეგი, მილიარდზე მეტია და გრძელდება. ვფიქრობ, წლის ბოლომდე ორ მილიარდზეც ავა. ცალკე სახელმწიფო ძალიან აქტიურობს, მაგრამ ეკონომიკა ვინც იცის, ძალიან ინერტულია. ასე არ ხდება, რომ ხელი დაიქნიე და გაჩნდა სამუშაო ადგილები“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.