საბერძნეთში საქართველოს ელჩი - მოლოდინი, რომ დრამატულად გაიზრდებოდა საბერძნეთში საქართველოდან წამსვლელთა რაოდენობა, არ გამართლდა

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების გამო, მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, უამრავმა ემიგრანტმა შეძლო თავისი ოჯახის წევრების მონახულება საბერძნეთში , - ამის შესახებ საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, საბერძნეთში ეს პროცესი „უაღრესად კონსტრუქციულად“ მიმდინარეობს.

„ვიზალიბერალიზაციის თემამ ძალიან დიდი შვება მისცა ჩვენს არაერთ ემიგრანტს, იმიტომ, რომ თუ ისინი ვერ ტოვებენ თავიანთი სტატუსიდან გამომდინარე საბერძნეთს, მათ ახლობლებს აქვთ შესაძლებლობა, საკმაოდ შეღავათიან ფასში, ყოველგვარი ვიზისა და ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მოინახულონ ნათესავები. მე პირადად ვიცნობ ათეულობით ემიგრანტს, რომელმაც რამდენიმეწლიანი ლოდინის მერე შეძლო თავისი ნათესავების და შვილების მონახულება“, - განაცხადა იოსებ ნანობაშვილმა.

მისივე თქმით, უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ საბერძნეთის საზღვრიდან უკან საქართველოს მხოლოდ ათამდე მოქალაქე დააბრუნეს.

„იყო სულ თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევები, როგორც სალონიკში, ასევე ათენში, როდესაც საბუთები არ ჰქონდათ წესრიგში. ამის გამო, დღემდე, ჩვენი მხოლოდ ათამდე მოქალაქე მოაბრუნეს უკან. პირველ დღეებში აეროპორტებში იმყოფებოდნენ ჩვენი საკონსულო სამსახურების წარმომადგენლები და აკვირდებოდნენ, თუ როგორ წავიდოდა ეს პროცესი“, - განაცხადა იოსებ ნანობაშვილი.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ასევე, არ გამართლდა მოლოდინი, რომ დრამატულად გაიზრდებოდა საბერძნეთში საქართველოდან წამსვლელთა რაოდენობა.

„ასევე, იყო გარკვეული მოლოდინი, რომ დრამატულად გაიზრდებოდა საზღვრის გადამკვეთების რაოდენობა. რეალურად კი უმნიშვნელო ზრდა დაფიქსირდა“, - აღნიშნა ელჩმა.