დიმიტრი ქუმსიშვილი - ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივა არის მშვიდობის გზა და დაფუძნებულია მოგება-მოგების თანამშრომლობის პრინციპზე

ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივა არის მშვიდობის გზა და დაფუძნებულია მოგება-მოგების თანამშრომლობის პრინციპზე, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინასთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

როგორც სამინისტრო იუწყება, ჩინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ანჰუის პროვინციის ქალაქ ჰეფეიში „ცენტრალური ჩინეთის ექსპო 2017”- ის გახსნაში მიიღო მონაწილეობა და მოხსენებით გამოვიდა.

თავის სიტყვაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივაზე ”ერთი სარტყელი - ერთი გზის“ შესახებ და საქართველოს როლზე ამ პროცესში.

”სრულად ვეთანხმები შეხედულებას, რომ ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივა არის მშვიდობის გზა და დაფუძნებულია მოგება-მოგების თანამშრომლობის პრინციპებზე“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ მათი განხორციელებით, შესაძლებელია ერთი სარტყელი - ერთი გზის გასწვრივ არსებულ ქვეყნებში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ჩინეთი საქართველოს უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ყოველწიურად იზრდება.

მისი თქმით, ამ დინამიკას ხელს შეუწყობს პეკინში 15 მაისს ხელმოწერილი შეთანხმება ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ, რომელიც შექმნის ახალ შესაძლებლობებს ურთიერთობების განვითარებისთვის.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივის ფარგლებში მოხდეს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც დააკავშირებს „ახალი აბრეშუმის გზის“ ქვეყნებს.

მისი თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა 4 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს, რაც ითვალისწინებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას, რკინიგზის მოდერნიზების პროექტსა და ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც იქნება რეგიონული მნიშვნელობის ლოგისტიკური ჰაბი.

თავის გამოსვლაში, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ცენტრალური დერეფნის მიმართულებით, რომელიც საქართველოზე გადის, ტვირთის გადაზიდვა არის ბევრად უფრო უსაფრთხო, დროის თვალსაზრისით მომგებიანი და სხვა მარშრუტებთან კონკურენტუნარიანი.