ივანიშვილი: ტრანზიტის პრობლემის მოგვარებაში უჩა მამაცაშვილს ლომის წილი მიუძღვის

"უჩა მამაცაშვილი ჩემს ნათესავებს შორის ყველაზე მეტად მიყვარს, რადგან უპატიოსნესი ადამიანია, - ასე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ბრალდებას, რომ მისი ბიზნესმენი დეიდაშვილი და თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იატაკქვეშად „ბიზნესებს ალაგებს“.

„დედაჩემი და მისი დედა დები იყვნენ. მისი დედა, რომელიც გარდაცვლილია, ჩემთვის ადამიანობის სიმბოლოა, უჩაც ძალიან წესიერი და კარგი ადამიანია. რაც შეეხება ბიზნესების დალაგებას, ყველა თავისი სამრეკლოდან იყურება და თავისი ხელწერით საყვედურობს. საზოგადოებას ვაძლევ პატიოსან სიტყვას, რომ რასაც „ნაცები“ ინაწილებდნენ, დღეს სახელმწიფოს ხმარდება“, - განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ყოფილი პრემიერის თქმით, საქართველოზე ტრანზიტიდან წილი თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს, და შესაძლოა, თავად გიგი უგულავასაც თავისთვის „მიჰქონდა“, ლომის წილი კი ამ თანხების სახელმწიფოსთვის უკან დაბრუნებაში სწორედ უჩა მამაცაშვილს მიუძღვის.

„რკინიგზას რკინიგზის წილი ხვდება. ფორმები ვერ დავხვეწეთ, მაგრამ მაინც სოფლის მეურნეობასა და მთავრობაში მიდის... პირდაპირი გზები ვერ ვნახეთ, მაგრამ თვითეული კაპიკი, რომელიც მიდიოდა ამ გზით და აყაჩაღებდნენ ბიზნესს (სახელმწიფოს დაუბრუნდა). სხვა ბიზნესებისგან ღმერთმა დაგვიფაროს! როგორ გაბედავს უჩა, ან ვინმე, რომ სხვისი ბიზნესის წილში ჩაჯდეს. ეს იმათი მოგონილი იყო“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის თქმით, მისმა დეიდაშვილმა ბევრი იმუშავა ტრანზიტის პრობლემის მოგვარებაში და ამ მიზნით ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანის დედაქალაქსაც სტუმრობდა.

„საქართველო ტრანზიტის ქვეყანაა და ის მაქსიმალურად უნდა აღვადგინოთ. ეს ჯერ კიდევ ჩემი პრემიერობის დროს გავაკეთეთ. მათ („ნაციონალურმა მოძრაობის წევრებმა“) ძალიან კარგად იციან, სად რა ფული კეთდებოდა, გაყვნენ იმ ფულს და ნახონ თუ არ ხვდება სახელმწიფოს. ისევ სიცრუით ცდილობენ, ფონს გავიდნენ. საკუთარ გამონათქვამებს ფასი დაუკარგეს“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

თვის დასაწყისში რუსთავი 2”-ის გადაცემა ”პოზიციაში” თბილისის უფლებაშეჩერებულმა მერმა განაცხადა, რომ კალაძემ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებისთვის ”მორალის კითხვას” თავი უნდა დაანებოს და სჯობს, აუხსნას საზოგადოებას, ვინ არის უჩა მამაცაშვილი, რომელიც აქტიურად არის ჩართული საარჩევნო კამპანიაში.

”მისი სახელი და გვარი არც კი იგუგლება, ივანიშვილის ალალი დეიდაშვილია. ის ივანიშვილის სახელით "ალაგებს" ბიზნესთან ურთიერთობას, ხსნის ქაფს და კალაძესთან ერთად საარჩევნოდ ფულს აგროვებს. მე ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. მეტსაც გეტყვით, გასცეს კალაძემ პასუხი, რა სტატუსით დაჰყვება უჩა მამაცაშვილი, რომელიც "გრატო პასაჟში" ზის, ეს არის შენობა კინო "ამირანის" წინ, რა სტატუსით დაჰყვება მას აზერბაიჯანში, ან რა სტატუსით დაჰყვება ოფიციალურ ვიზიტებში მას ყაზახეთში? ივანიშვილის დეიდაშვილობა როდის აქეთ გახდა თანამდებობა?... უჩა მამაცაშვილის დის ქმარი დაინიშნა სოფლის მინისტრის მოადგილედ, არ არის ეს ახლა ნეპოტიზმი?", - განაცხადა უგულავამ.

აღსანიშნავია, რომ უჩა მამაცაშვილი კომპანია GCF Partners-ში 42%-იან წილს ფლობს ბიზნესმენ ლევან ვასაძესა (16%) და გიორგი ბაჩიაშვილთან (42%) ერთად. ეს კომპანია მართავს 6-მილიარდიან თანაინვესტირების ფონდს, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაფუძნდა. ფონდის ხელმძღვანელი კი ერთ-ერთი მეწილე გიორგი ბაჩიაშვილია.