ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე რეფინანსირების შესახებ წერს.
"ბიზნესპრესნიუსი" დავით ასლანიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ხუთშაბათს 18 მაისს ჩატარებული აუქციონების შედეგები ადასტურებს, რომ რეფინანსირების პირამიდა, რომლის შექმნაც ეროვნული ბანკის დამსახურებაა, გახდა ერთადერთი შესაძლებლობა საბანკო ოლიგოპოლიისთვის, რომ კვირიდან კვირამდე და თვიდან თვემდე გადააგოროს ის სერიოზული დეფიციტი, რომელიც მას გააჩნია მოკლევადიან ლიკვიდობასთან დაკავშირებით.
ერთკვირიან რეფინანსირებაზე საბანკო ოლიგოპოლიამ მოითხოვა თითქმის 1,6 მლრდ ლარი (დაუკმაყოფილდა 1,3 მლრდ), ხოლო ერთთვიან რეფინანსირებაზე - თითქმის 900 მლნ ლარი (დაუკმაყოფილდა - 400 მლნ).
რატომ შეადგენს მოკლევადიანი ლიკვიდობის დეფიციტი საბანკო ოლიგოპოლიაში თითქმის 2,5 მლრდ ლარს - M2-მონეტარული აგრეგატის 40% ?
ეს არის ისტორიული რეკორდი!!!
ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთი თვით, ე.ი. 15 ივნისამდე გადაუვადა საბანკო ოლიგოპოლიას იმ 400 მლნ ლარის უკან დაბრუნება, რომელიც იანვარში გაიცა სესხების გალარების პროგრამის დასაფინანსებლად.
მიუხედავად იმისა, რომ გალარების პროგრამა 17 მარტს დასრულდა, ახლა უკვე 15 ივნისამდე საბანკო ოლიგოპოლიას არ შეუძლია, რომ ეროვნულ ბანკს დაუბრუნოს ჯერ კიდევ იანვარში გამოყოფილი გალარების რესურსი.
გარდა ამისა, ფაქტიურად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ, რაც ჰქონდა ეროვნულ ბანკს ჩაფიქრებული 2 მაისს რეფინანსირების განაკვეთის 7%-მდე გაზრდით, ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა საბანკო ოლიგოპოლიაში მოკლევადიანი ლიკვიდობის დეფიციტის შემცირებაზე, პირიქით - მატება დაფიქსირდა.
აუქციონის შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეფინანსირების განაკვეთით ინფლაციის მოთოკვა შეუძლებელია.
მონეტარული კუთხით ინფლაციის მოთოკვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეფინანსირების პირამიდა აღარ იარსებებს და რეფინანსირების სესხი გაიცემა ზომიერების ფარგლებში.
ამის პოლიტიკური ნება ეროვნული ბანკის მხრიდან ჯერჯერობით არ ჩანს, ხოლო რეფინანსირების განაკვეთზე 0,25%-იანი ჯახირით შეუძლებელია, რომ საბანკო ოლიგოპოლიას ჩაუცხრეს რეფინანსირების რესურსზე მოთხოვნის მადა.
საბანკო ოლიგოპოლიისთვის მთავარია, რომ რესურსზე არ დაკარგონ წვდომა, თორემ მისი 0,25%-თ გაძვირება რა პრობლემაა?! ბოლო-ბოლო, ან კლიენტებს გაუძვირებენ სესხებს, ან ანაბრებზე დაარიცხავენ ნაკლებ პროცენტს.
და ბოლოს, კვლავ მოვუწოდებ ეროვნულ ბანკს, აუქციონის შედეგების შესახებ სრული ინფორმაცია ტექსტური ფორმით გამოაქვეყნოს ვებ-გვერდზე -
სირცხვილია, როცა ასე დიდი და მნიშვნელოვანი ფინანსური დაწესებულება ასეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას ექსელის ფაილებში განზრახ მალავს." - წერს ასლანიშვილი.