საქართველოდან ყველაზე მეტი თანხა რუსეთში, უკრაინასა და საბერძნეთში იგზავნება

საქართველოდან ყველაზე მეტი ფული რუსეთში ირიცხება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ტრანსფერები თებერვალში წინა თვესთან შედარებით 15%-ით, ხოლო წინა წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა და 4,8 მილიონი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ რუსეთზე მოდის მთლიანი გადარიცხვების მესამედზე მეტი (37.3%).

მეორე ადგილზე უკრაინაა, სადაც გადარიცხვები შარშანდელთან შედარებით მართალია 7% - ით შემცირდა, 1,6 მილიონ დოლარამდე, მაგრამ ტრანსფერებში 13 % უკავია, მესამეზე (1,4 მილიონი დოლარით) - საბერძნეთია, სადაც გზავნილების 27%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

შარშანდელთან შედარებით, 26%-ით მეტი ფულადი რესურსები გაიგზავნა აზერბაიჯანში (505 ათასი დოლარი), ხოლო 40%-ით მეტი - სომხეთში (466 ათასი დოლარი), გაორმაგდა მეზობელ თურქეთში (400 ათასი დოლარი).

დაახლოებით, იმავე მოცულობის ტრანსფერი გადაირიცხა წინა წელთან შედარებით ნიგერიაში - 346 ათასი დოლარი, 16%-ით გაიზარდა იტალიაში (334 ათასი დოლარი), 27%-ით - ყაზახეთში (322 ათასი დოლარი), ათეულს, 300 ათასი დოლარით, გერმანია ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ უზბეკეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში გადარიცხვები შარშანდელთან შედარებით 2,5-ჯერ შემცირდა და 363 ათასი დოლარი შეადგინა.

სულ უცხოეთში ფულადი გზავნილები თებერვალში იანვართან შედარებით 5%-ით, ხოლო წინა წელთან შედარებით, 16%-ით გაიზარდა და 12,9 მილიონი დოლარი შეადგინა.