ბენდუქიძე 12 საათიანი დაკითხვის შემდეგ: კიდევ ბევრს მოვუყვებოდი, მაგრამ დრო აღარ ჰქონდათ

პროკურატურაში თითქმის 12 საათიანი დაკითხვის დასრულების შემდეგ, კახა ბენდუქიძემ პროკურატურა დატოვა. იგი საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის თერთმეტნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდა დაკითხვაზე და 15 მოცულობით კითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა. კითხვები ეხებოდა აგრარული უნივერსიტეტის რეორგანიზაციას, თუ რა გაკეთდა იქ და რა შესრულდა. ბენდუქიძემ აღნიშნა, რომ გამომძიებლები მის მიმართ კორექტულები იყვნენ და იგი დაკითხვით კმაყოფილია, თუმცა მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, რა დასკვნას გააკეთებს პროკურატურა.

"ბრალდება რაში მდგომარეობს, მე არ ვიცი. ადვოკატები ამბობენ, რომ ჩემი დაკითხვა არ გახდება საჭირო. ამომწურავი პასუხები გავეცი. კიდევ ბევრს მოვუყვებოდი, მაგრამ დრო აღარ ჰქონდათ", - აღნიშნა კახა ბენდუქიძემ.

კახა ბენდუქიძის ადვოკატის, ოთარ კახიძის თქმით, გამოძიებას აინტერესებდა, როგორ მოხდა პრივატიზაცია და რა ინვესტიციები განხორციელდა "ცოდნის ფონდის" მიერ აგრარულ უნივერსიტეტში, როგორ შეიცვალა იქ სასწავლო პროცესები.

"არანაირი კავშირი დაკითხვასა და შესაძლო დანაშაულს შორის არ არსებობს. თეორიულადაც კი გამორიცხულია ამგვარი რამ. ვფიქრობ, გამომძიებლები თავადაც დარწმუნდნენ, რომ აგრარულ უნივერსიტეტში უპრეცედენტო ინვესტიცია განხორციელდა და შეიცვალა სასწავლო გარემო, თანამედროვე სტანდარტის უნივერსიტეტი შეიქმნა. სამწუხაროა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სტატუსით ხდება იმ ადამიანის დაკითხვა, რომელმაც აღნიშნული ინვესტიცია განახორციელა. ვფიქრობ, რომ გამოძიება უნდა შეწყდეს და დაიხუროს. გამოძიებას თეორიულადაც კი თუ რამ კითხვა გააჩნდა, პასუხი გაეცა. ბენდუქიძის ბრალეულობაზე მინიშნება და კითხვები არ ყოფილა. თეორიულადაც კი ამგვარ ბრალდებაზე საუბარს გამოვრიცხავ", - აღნიშნა კახა ბენდუქიძის ადვოკატმა, ოთარ კახიძემ.

პროკურატურის ინფორმაციით, ბენდუქიძის დაკითხვა ეხებოდა სსიპ "საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის" ბალანსზე რიცხული დიდი ოდენობით უძრავი ქონების პრივატიზებისას "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების გვერდის ავლით, სსიპ ,,სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის" არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეორგანიზაციას. ასევე, მასთან შერწყმული საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსებული 14 კვლევითი-სამეცნიერო ინსტიტუტის ბალანსზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონების შპს "აგრომეტის" კაპიტალში წინასწარ შემცირებული ღირებულებით შეტანას, შემდეგ კი შპს "აგრომეტის" 100% წილის 5 150 000 აშშ დოლარად პრივატიზებას 8 000 000 ლარის საინვესტიციო ვალდებულებით.

”მაშინ, როდესაც შპს "აგრომეტის" საწესდებო კაპიტალში შეტანილი უძრავ-მოძრავი ქონების მხოლოდ საბალანსო ღირებულება 65 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო საბაზრო ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ ლარზე მეტია. ცნობისათვის, პრივატიზებული ქონების მხოლოდ ერთი ნაწილი თბილისში აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე განთავსებული 59 ჰექტარი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეფასებულია 10 790 000 ლარად, რომელიც კაპიტალში შეიტანეს 59 000 ლარად (1 კვადრატული მეტრი 10 თეთრად), ანალოგიური გზით შემცირდა სხვა ქონების ღირებულებებიც", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.