რუსეთმა უკრაინის მხარდაჭერის გამო ლიტვას სანქციები დაუწესა

რუსეთმა ლიტვის ძირითადი პორტის, კლაიპედას გავლით იმპორტირებულ საკვებ პროდუქტზე შეზღუდვა დააწესა.

ლიტვის პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ გუშინ განაცხადა.

“ლიტვის ტერმინალებმა მიიღეს წერილობითი გაფრთხილება. გაფრთხილება გაეგზავნათ იმ კომპანიებსაც, რომლებიც პროდუქციის ექსპორტს რუსეთში საპორტო ტერმინალების მეშვეობით ახორციელებენ,” - განაცხადა პრემიერმა ალგირდას ბუტკევიჩუსმა.

მისი თქმით, წერილში ნათქვამია, რომ რუსეთში პროდუქტის ექსპორტირება ლიტვის პორტის, კლაიპედას გავლით და შესაძლოა, რამდენიმე სხვა ტერმინალის გავლითაც, აღარ იქნება შესაძლებელი. კერძოდ, თუკი დასავლურ (უფრო ზუსტად კი, ამერიკულ) კომპანიას სურს პროდუქტი რუსეთის ბაზარზე, ან საბაჟო კავშირის სხვა წევრ ქვეყანაში შეიტანოს, მან ეს უნდა განახორციელოს სხვა პორტების მეშვეობით, რომლებიც არ ეკუთვნის ლიტვას.

კლაიპედას პორტის დირექტორი, ალგირდას კამარაუსკასი ამბობს, რომ რუსეთმა ვაჭრობაზე დაწესებული შეზღუდვები ზოგიერთი ლიტვური ბიზნესის მიერ სანიტარული ნორმების დარღვევით ახსნა. თუმცა, რუსეთის ამ ქმედებას ლიტვის ხელისუფლების მიერ უკრაინის მხარდაჭერის საპასუხოდ განხორციელებულ ზომად მიიჩნევენ.

“ამ ქმედებით რუსეთი გვაჩვენებს, რომ პოლიტიკური პოზიციები, რომლებიც მის ინტერესებთან თანხვედრაში არ მოდის, გარკვეული გზებით ისჯება," - განაცხადა ლიტვის მწარმოებელთა კონფედერაციის პრეზიდენტმა, რობერტას დარგისმა. მისი თქმით, ლიტვის შემთხვევაში, "დასჯა" ძირითადად ეკონომიკური გზებით ხორციელდება და ასეთი შემთხვევები წარსულშიც არაერთი ყოფილა.