უცხოელი მიწას საქართველოში იმიტომ ყიდულობს, რომ მერე უფრო ძვირად გაყიდოს, რაც ქვეყნის ეკონომიკას არ ანვითარებს, რადგანაც წმინდა სპეკულაციური ოპერაციაა ან ყიდულობს იმიტომ, რომ თავისიანები ჩამოიყვანოს და დაასახლოს საქართველოში , - ამის შესახებ თსუ-ის პროფესორმა ლადო პაპავამ ”ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუს დროს განაცხადა.
მისივე თქმით, ეს პრაქტიკულად, ჩვენი საქართველოს მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესების შევიწროებაა.
„როდესაც აწგანსვენებული ბატონი კახა ბენდუქიძე ჩამოიყვანეს თბილისში და ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვა მას დაავალეს, მაშინ ის გამოვიდა ასეთი ფორმულირებით - არ არსებობს სტრატეგიული ობიექტები და ყველაფრის გაყიდვა შეიძლება. ეკონომიკური მეცნიერება მართლაც არ განსაზღვრავს სტრატეგიული ობიექტის ცნებას. ეკონომისტისთვის ასეთი კრიტერიუმი არ არსებობს. მაგრამ ობიექტის სტრატეგიულობას განსაზღვრავს სხვა სფერო, ვინაიდან ჩვენ მარტო ეკონომიკით არ ვცხოვრობთ“, - განაცხადა ლადო პაპავამ.
მისი თქმით, ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის, მიწა არის სტრატეგიული ობიექტი. როგორც ლადო პაპავამ ინტერვიუში განაცხადა, მარტო ეკონომისტი ვერ იტყვის მიწა უნდა გაიყიდოს თუ არა და ამ საკითხზე საზოგადოებაში უნდა არსებობდეს კონსენსუსი.
„რაც შეეხება კონსენსუსს, აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქართული მიწა უცხოელებზე არ უნდა იყიდებოდეს. იმიტომ კი არა, რომ ვიღაცა მიწას ზურგზე მოიკიდებს და გაიტანს, არა, მიწას ვერავინ ვერსად გაიტანს. უცხოელი მიწას საქართველოში იმიტომ ყიდულობს, რომ მერე უფრო ძვირად გაყიდოს, რაც ქვეყნის ეკონომიკას არ ანვითარებს, რადგანაც წმინდა სპეკულაციური ოპერაციაა, ან ყიდულობს იმიტომ, რომ თავისიანები ჩამოიყვანოს და დაასახლოს საქართველოში. ეს კი პრაქტიკულად, ჩვენი საქართველოს მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესების შევიწროებაა”, - განაცხადა ლადო პაპავამ.
თსუ-ის პროფესორის თქმით, თუკი კონსტიტუციაში იქნება მკაფიო ჩანაწერი მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით, რომ უცხოელს არ შეეძლოს მიწის ყიდვა, ეს იქნება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ხედვის გათვალისწინება.
”ის, რომ მიწის გაყიდვა საქართველოში დიდ ეკონომიკურ აქტივობას გამოიწვევს და ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდება, ეს ბლეფია. ასეა თუნდაც იმიტომ, რომ როცა ჩვენში მიწის გაყიდვა ნებადართული იყო, მას არც დიდი ეკონომიკური აქტივობა და არც დიდი ეკონომური განვითარება არ მოჰყოლია. მიწის ყიდვა-გაყიდვა, როგორც უკვე ვთქვი, თავისი ბუნებით წმინდა წყლის სპეკულაციური მოვლენაა, თანაც ეკონომიკურად ისეთ ჩამორჩენილ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ხოლო სპეკულაციით ქვეყნის ეკონომიკა ფეხზე ვერ დადგება”, - განაცხადა თსუ-ის პროფესორმა ლადო პაპავამ ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.