2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აჭარის მთავრობის აპარატსა და სამინისტროებში გაცემული თანამდებობრივი სარგოს, პრემიის, სახელფასო დანამატის, საწვავსა და მივლინებაზე დახარჯულმა თანხის საერთო მოცულობამ 15,407,596 ლარი შეადგინა.
ამის შესახებ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევაშია ნათქვამი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების მოცულობაზე, დანამატებისა და პრემიების გაცემის პერიოდულობასა და ზოგადად, ადმინისტრაციულ ხარჯებზე.
„ამჯერად წარმოგიდგენთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში 2016 წელს თანამშრომლებზე დარიცხულ შრომის ანაზღაურების სტატისტიკას, სამართლებრივ რეგულაციას და არსებული პრაქტიკის გასაუმჯობესებლად ორგანიზაციის მიერ დამუშავებულ რეკომენდაციებს.
წინამდებარე კვლევა მოიცავს აჭარის მთავრობის აპარატში, ოთხ სამინისტროში (ფინანსთა და ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურის და სპორტის, ჯანდაცვის სამინისტროებში) და აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებებში (საარქივო სამართველო, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი) საჯარო მოხელებზე გაცემული გასამრჯელოს შესახებ ინფორმაციას.
არსებული საკანონმდებლო რეგულაციები
საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და სახელფასო დანამატს. თანამდებობრივი სარგო კონკრეტულ პოზიციაზე ფიქსირებული ანაზღაურებაა და მას საჯარო მოხელე ყოველთვიურად განსაზღრული ოდენობით იღებს. პრემია და სახელფასო დანამატი დამატებითი ანაზღაურებაა, რომლის გაცემის პერიოდულობა 2016 წელს მოქმედი კანონით დაზუსტებული არ იყო.
2015 წლის 21 იანვარს, აჭარის ა/რ მთავრობამ მიიღო განკარგულება, რომელმაც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანამდებობის პირებისა და სახელმწიფო მოსამსახურეებისთვის სახელფასო დანამატების ოდენობა განსაზღვრა.
აღნიშნული განკარგულების თანახმად, მთავრობის თავმჯდომარე, მინისტრები, მათი მოადგილეები, საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელები, მინისტრის თანაშემწეები და მრჩევლები 2015 წლის იანვრიდან, ყოველთვიურად, თანამდებობრივი სარგოს (ხელფასის) ოდენობის 75%-იან სახელფასო დანამატს იღებენ; დეპარტამენტის, ადმინისტრაციის და გენერალური ინსპექციის უფროსი, მთავარი ბუღალტერი - თანამდებობრივი სარგოს ოდენობის 60%-იან ყოველთვიურ სახელფასო დანამატს; დეპარტამენტში შემავალი განყოფილების უფროსები - სარგოს ოდენობის 50%-იან სახელფასო დანამატს; მთავარი სპეციალისტი, წამყვანი სპეციალისტი, დამხმარე (ტექნიკური) მოსამსახურეები კი სარგოს 40%-იან სახელფასო დანამატს.
აღნიშნული განკარგულების საფუძველზე აჭარის მთავრობაში სახელფასო დანამატების არათანაბარი განაწილების პრაქტიკაზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეფასება 2015 წლის მარტში გამოაქვეყნა.
შრომის ანაზღაურების პრაქტიკის სამართლებრივ ნაწილზე საუბრისას აღსანიშნავია საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წლის 15 ივლისს მიღებული 499-ე დადგენილება, რომელიც საჯარო დაწესებულებში პრემიის ოდენობა განსაზღვრა. აღნიშნული დადგენილების თანახმად, პრემია გაიცემა შესრულებული სამუშაოს შეფასების ან/და დასაბუთების საფუძველზე; თანამდებობის პირებს შეეზღუდათ საკუთარ თავზე პრემიის გაცემის შესაძლებლობა; პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ; პრემია შეიძლება გაიცეს წელიწადში სამჯერ უქმე დღეებთან დაკავშირებით; გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მოტივირებული შუამდგომლობით.
2016 წლის პოზიტიური მონაცემები
2016 წელს აჭარის მთავრობის აპარატში, სამინისტროებსა და საქვეუწყებო დაწესებულების პოლიტიკური თანამდებობის პირებს: მთავრობის თავმჯდომარეს, მინისტრებს და მათ მოადგილეებს, დეპარტამენტის ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს პრემია არ აუღიათ.არსებული კანონმდებლობის გათვალისწინებით, პრემიების გაცემის ყველაზე სამართლიანი პრაქტიკა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა დაამკვიდრა: ამ უწყების მიერ თანამშრომლებზე პრემიების გაცემის საფუძვლებია საპრემიო კომისიის ოქმები და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული მოხსენებითი ბარათები.
ამასთან, ტურიზმის დეპარტამენტში დასაქმებული საჯარო მოხელეები ყოველთვიურად განსხვავებული ოდენობის პრემიას იღებდნენ, რაც გვაფიქრებინებს, რომ ამ უწყებაში საპრემიო თანხის განკარგვა მეტწილად დამსახურების მიხედვით ხდებოდა. თუმცა, სხვა დაწესებულებების მსგავსად, ამ უწყების ყველა თანამშრომელზეც 2016 წლის დეკემბერში თანამდედობრივი სარგოს 100%-იანი ოდენობის პრემია გაიცა.
აჭარის სამთავრობო უწყებებში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა რაოდენობა არ შემცირებულა, მაგრამ საშტატო ერთეულების ზრდის ტენდეციაც არ შეიმჩნევა. აჭარაში ერთი და იმავე თანამდებობის პირების (ოთხივე მინისტრის, მათი მოადგილეების, საქვეუწყებო დაწესებულებების, დეპარტამენტების ხელმძღვანელების და მათი მოადგილეების) წლიური შრომის ანაზღაურება ერთმანეთის იდენტურია.
2016 წლის ნეგატიური ტენდენციები
საჯარო ინფორმაციით მიღებული მონაცემების ანალიზი გვაჩვენებს, რომ 2016 წლის განმავლობაში აჭარის მთავრობასა და მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების უმეტეს ნაწილში დანამატები კვლავ გაიცემა არა შესრულებული სამუშაოს შედეგის მიხედვით, არამედ გაწეული სამუშაოს შედეგების ყოველგვარი ანალიზის გარეშე. ამასთან, 2016 წლის განმავლობაში სახელფასო დანამატი ყველა სამინისტროსა და საქვეუწყებო დაწესებულებაში ყოველთვიურად გაიცემოდა.2016 წელს აჭარის მთავრობის აპარატის, სამინისტროს და საქვეუწყებო დაწესებულებში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს, გარდა ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა, ერთდროულად მიღებული აქვთ სახელფასო დანამატი და პრემია; საშუალოდ აჭარის მთავრობასა და საქვეუწყებო დაწესებულებეში გაცემული დანამატებისა და პრემიებია ჯამი თანამშრომლებზე გაცემული სახელფასო ანაზღაურების 72%-ია (ქვემოთ იხილეთ მონაცემები). აჭარის საქვეუწყებო დაწესებულებში თანამდებობის სარგოს 100% პრემიის გაცემა თანამშრომლებზე ხდება კვარტლში ერთხელ და სადღესასწაულო დღეებში. - პრემიის გაცემა არა კონკრეტული სამუშაოს ზედმიწევნით კარგად შესრულების წახალისებას, არამედ სადღესასწაულო თარიღებს უკავშირდება.
აჭარაში სამთავრობო სხვა უწყებების თანამშრომლებზე გაცემული პრემიის რაოდენობა ყოველთვიურად იდენტურია, რაც ეჭვს ბადებს, რომ პრემია გამოიყენება ხელფასის ასევე ყოველთვიურად გაზრდის მიზნით, რაც მოქმედ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. უწყებებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ანალიზის შედეგად ვერ დგინდება კავშირი შესრულებულ სამუშაოს/ხარისხს და გაცემულ პრემიას შორის. ანალიზი აჩვენებს, რომ სახელფასო დანამატიც გაიცემა საჯარო მოხელეების ყოველთვიური გასამრჯელოს გაზრდის მიზნით, რადგან ის ფაქტობრივად ფიქსირებული ხელფასის მსგავსი ოდენობით გაიცემა.
2016 წლის რაოდენობრივი მაჩვენებლები
2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აჭარის მთავრობის აპარატსა და სამინისტროებში გაცემული თანამდებობრივი სარგოს, პრემიის, სახელფასო დანამატის, საწვავსა და მივლინებაზე დახარჯული თანხის საერთო მოცულობამ 15,407,596 ლარი შეადგინა, მათ შორის შრომის ანაზღაურების საერთო მოცულობა - 12 058 202 ლარი ამგვარად გადანაწილდა: ხელფასი - 6867160; დანამატი - 3458197; პრემია - 1752845; შტატგარეშეთა 2641149.2015 წელთან შედარებით, პრემიების გაცემის სიხშირე, ოდენობა და მაჩვენებელი 2016 წელსაც შენარჩუნებულია. 2015 წელთან შედარებით, 2016 წელსაც სახელფასო დანამატის გაცემის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილი არ არის, მაგრამ 2016 წელსაც ის ორჯერ აღემატება გაცემული პრემიის ოდენობას: 2016 წელს პრემიის სახით ყველაზე მეტი თანხა - 408,350 ლარის ოდენობით, აჭარის მთავრობის აპარატში გაიცა, ყველაზე ნაკლები - 57,500 ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში. 2016 წელს სახელფასო დანამატის სახით ყველაზე მეტი თანხა - 683,555 ლარი აჭარის მთავრობის აპარატში გაიცა, ყველაზე ნაკლები აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტმენტში - 170,633 ლარი. შტატგარეშე ანაზღაურების გაცემის თვალსაზრისით, ყველაზე მეტი თანხა 1,619,314 ლარი საავტომბილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტმენტში გაიცა. როგორც ზევით აღვნიშნეთ, საშუალო თანაფარდობა პრემიებისა და დანამატების ჯამის ხელფასის საერთო ოდენობასთან აჭარის მთავრობაში 72%-ია. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროშია, ყველაზე დაბალი კი ტურიზმის დეპარტამენტში.
2016 წელს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სახელფასო დანამატის სახით დაერიცხა 35,400 ლარი, პრემია არ დარიცხვია. სულ კი შრომის ანაზღაურების სახით მთავრობის თავმჯდომარემ 2016 წლის განმავლობაში 69,504 ლარი მიიღო. აჭარის მთავრობის წევრებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა შრომის ანაზღაურებას ვრცლად ამ ბმულზე გაეცნობით - როგორც აღვნიშნეთ, აჭარაში ერთი და იმავე თანამდებობის პირების წლიური შრომის ანაზღაურება ერთმანეთის იდენტურია.
დასკვნა და რეკომენდაციები
„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ მიერ შესწავლილი პრაქტიკა აჩვენებს, რომ ზემოთ ნახსენებმა მთავრობის დადგენილებებმა ვერ უზრუნველყვეს პრობლემის მოგვარება - ახალმა რეგულაციებმა პრემიების სახელფასო დანამატით ჩანაცვლება გამოიწვია. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ისაა, რომ თავად აღნიშნული რეგულაციები არაერთ ხარვეზს შეიცავს, რასაც ორგანიზაციამ არაერთხელ გაუსვა ხაზი.ვითარებას ართულებს ისიც, რომ საქართველოს პარლამენტი და მთავრობა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის დაგეგმილ ცვლილებების განხორციელებას აჭიანურებენ. საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში უნდა მიღებულიყო „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონიც, რომლის ინიცირება მთავრობას 2016 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მოეხდინა. აღნიშნული კანონი ცვლიდა საჯარო სამსახურში ანაზღაურების მოქმედ სისტემას, რაც ასევე მასშტაბურ ცვლილებებს გამოიწვევდა ბიუჯეტის შესახებ კანონში, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, არც ეს კანონი მიღებულა და არც 2017 წლის ბიუჯეტშია შრომის ანაზღაურების ახალი სისტემა გათვალისწინებული.
მიუხედავად დაგეგმილი რეფორმის გადავადებისა, მოვუწოდებთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, არ გამოიყენონ დანამატებისა და პრემიების გაცემის პრაქტიკა კანონის მოთხოვნათა გვერდის ავლით, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ცენტრალური მთავრობის მიერ დაანონსებული ადმინისტრაციული ხარჯების 10%-იანი შემცირება რეალურად 3%-იანი აღმოჩნდა და ხელისუფლების ბიუროკრატიული ხარჯები წლიდან წლამდე იზრდება,“ - ნათქვამია კვლევაში.