”გუდვილსა” და ”თიბისი ბანკს” შორის დაპირისპირების ახალი ეტაპი დაიწყო

"თიბისი ბანკი” ”გუდვილის” მართვაში ჩარევას ცდილობს, - აცხადებს ჰიპერმარკეტების ქსელის მენეჯმენტი.  მენეჯმენტის უკმაყოფილების მიზეზი კი ”თიბისის” საქალაქო სასამართლოში შეტანილი სარჩელი გახდა, რომლის საფუძველზეც ,,გუდვილის“ რეაბილიტაციის მმართველსა და დირექტორს შორის უფლებამოსილებათა განსაზღვრის დოკუმენტში ცვლილებების შეტანა მოითხოვა.

ჰიპერმარკეტების ქსელში აცხადებენ, რომ ცვლილებები რეაბილიტაციის მმართველისთვის გადაჭარბებული უფლებამოსილებების მინიჭებას ითვალისწინებს, მიუხედავად იმისა, რომ თავად მმართველი კომპანია „ფი ქე ეფ ჯორჯია“ მათ არ ეთანხმება.

”გუდვილი” დოკუმენტში არსებულ ხუთ პუნქტს არ ეთანხმება: კერძოდ, თუ კომპანიის დირექტორსა და რეაბილიტაციის მმართველს შორის უთანხმოება წარმოიშვება, რაც რეაბილიტაციის პროცესს ხელს შეუშლის, მმართველს შესაძლებლობა მიეცემა, თავად განახორციელოს ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება. ამასთან, მას შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ახალი თანამშრომლების აყვანასა და ძველი პერსონალის დათხოვნაზე.

,,გუდვილის“ მონაწილეობით სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მოვალის ინტერესების დაცვას განახორციელებს წარმომადგენელი, რომელთანაც ხელშეკრულებას აფორმებს რეაბილიტაციის მმართველი. ის იქნება უფლებამოსილი ასევე, ნებისმიერი არასაოპერაციო ხელშეკრულების დადებასა და შეწყვეტაზე. ამასთანავე, რეაბილიტაციის მმართველს შეუძლია დაავალოს შპს ,,გუდვილის“ დირექტორს, შეცვალოს ან გააუქმოს ხელშეკრულებები, ან ახალი გააფორმოს”, - აღნიშნავენ ჰიპერმარკეტების ქსელში.

,,გუდვილში“ აღნიშნავენ, რომ სწორედ აღნიშნული ცვლილება მისცემს საშუალებას ,,თიბისი ბანკს“, საიჯარო ფასი 300 ათასი ლარიდან 420 ათას ლარამდე გაზარდოს, რასაც კომპანიის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან და მიაჩნიათ, რომ საბაზრო პირობებს არ შეესაბამება.

,,გუდვილმა“ მეურვის თანხმობის საფუძველზე საიჯარო ფასის დადგენა მოითხოვა ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსაგან და პასუხს ელოდება. თავის მხრივ, სს ,,თიბისი ბანკს“ რეაბილიტაციის მმართველს და დირექტორს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის დოკუმენტში შეაქვს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი არასაოპერაციო ხელშეკრულების (მათ შორის საიჯარო ხელშეკრულების) დადების უფლებამოსილება ენიჭება რეაბილიტაციის მმართველს. აშკარაა, რომ სს ,,თიბისი ბანკი“ ცდილობს, რეაბილიტაციის მმართველი დაითანხმოს საიჯარო ფასის გაზრდაზე, რადგან ამას ვერ აღწევს შპს ,,გუდვილის“ დირექტორთან”, - ვარაუდობს მენეჯმენტი.

,,გუდვილში“ ეჭვობენ, რომ ,,თიბისი ბანკი“ დაინტერესებულია რეაბილიტაციის მმართველზე აღნიშნული დოკუმენტით ზეწოლა მოახდინოს და სავაჭრო ქსელის ხელმძღვანელობას დაუპირისპიროს. ”თავის მხრივ, ეს გაართულებს რეაბილიტაციის პროცესსაც, რისი მეშვეობით, მიმდინარე სასამართლო დავებში შეუძლია ,,გუდვილის“ წარმომადგენელი შეცვალოს”, - აცხადებს მენეჯმენტი.

რეაბილიტაციის მმართველისათვის უფლებამოსილებათა გაზრდა, მათ შორის, კანონსაწინააღმდეგოდ, საბოლოოდ მმართველის დისკრედიტაციისკენაა მიმართული, - მიაჩნიათ ჰიპერმარკეტების ქსელში და აცხადებენ, რომ ,,თიბისი ბანკის“ ქმედებები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რეაგირებას საჭიროებს.