ადიგენში ფერმერები ხვნის ბარათებს უკან აბრუნებენ

ადიგენის მუნიციპალიტეტში ფერმერებმა მიწები შემოდგომით მოხნეს, ამიტომ მათი 90 პროცენტი ხვნის ბარათებს უკან აბრუნებს.

„ერთი ჰექტარი და 25 მეასედი მაქვს. შემოდგომით სულ დავხანი. ახლა ბარათი აღარაფერში მჭირდებოდა და უკან დავაბრუნე, ჯობდა ეგ ბარათი შემოდგომით მოეცათ”, - განუცხადა სოფელ ქვემო ენთელის მკვიდრმა გიგლა ფანჩვაძემ სამცხე-ჯავახეთის საინფორმაციო პორტალს, ”სამხრეთის კარიბჭეს”.

ფანჩვაძის თქმით, იმ თანხით, რომელსაც ბართის დაბრუნების შემდეგ მიიღებს, აზოტს იყიდის და მას კარტოფილსა და სიმინდის შესაწამლად გამოიყენებს.

საინფორმაციო პორტალის ინფორმაციით, ადიგენის მუნიციპალიტეტმა „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში 5,466 ბარათი მიიღო, თუმცა დარიგებული ბარათების უმრავლესობა უკან ბრუნდება.

”მაგალითად, ბოლაჯურის საკრებულოში, სადაც 2 სოფელი შედის, 412 ვაუჩერი დარიგდა, თუმცა აქედან 388 ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას უკან ჩაბარდა. სოფელ ადიგენის თემში 308 ვაუჩერიდან უკან 295 დააბრუნეს. ფხეროს საკრებულოში მიღებული 178 ბარათიდან ხვნისთვის მხოლოდ 15-ს გამოიყენებენ, 163 კი კვლავ უკან ჩაბარდებათ. დიდ სმადაში 294-დან 288 გადასცეს ისევ გამგეობას,” - წერს ”სამხრეთის კარიბჭე”.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, არსენ ბალახაშვილი ამბობს, რომ დაბრუნებული ბარათების სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ჩაბარებას გეგმავს.