"საქართველოს რკინიგზამ" Lean Six Sigma მეთოდოლოგიის დანერგვის ფარგლებში პროექტების განმახორციელებელ საინჟინრო პერსონალს სერტიფიკატები გადასცა.
სერთიფიკატები 27 ადამიანს - ნათია სვანიძეს, თამაზ ნოზაძეს, კონსტანტინე ღონღაძეს, მირიან გოგიაშვილს, გოჩა გაბიანს, ნუგზარ შარაბიძეს, გურამ ფერხულს, ლაშა ლეკიშვილს, ირაკლი ბერიძეს, დავით ასიეშვილს, მამუკა მინდილაიას, დავით ცერცვაძეს, ლევან ციბირაშვილს, მიხეილ მარსაგიშვილს, ბესიკ გუჯაბიძეს, ნიკოლოზ ზუმბაძეს, ლევან კობერიძეს, გიორგი ჯალაბაძეს, გიორგი ლაცაბიძეს, პაატა ქალიაშვილს, დავით გრაკალიშვილს, ალექსანდრე ესებუას, შალვა ბეროზაშვილს, იოსებ მონიავას, მიხეილ გრიგორაშვილს, ალექსი გონგლაძეს და გია გოგოლაძეს გადაეცა.
"საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, კოკა გუნცაძის თქმით, რკინიგზას აქვს ახალი ხედვა, სტრატეგია, რომელიც მდგომარეობს რკინიგზის ინტეგრაციაში გლობალურ სატრანსპორტო ლოგისტიკურ ქსელებში.
"ეს გვავალდებულებს მოდერნიზაციას ყველა მიმართულებით, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის, არამედ, უპირველეს ყოვლისა, კომპანიის მართვის სისტემის თვალსაზრისით. 6 სიგმის დანერგვა სწორედ მართვის სისტემის მოდერნიზაციას, საოპერაციო ხარჯების და დროის დაზოგვას, დეფექტების და საწარმოო ხარვეზების იდენტიფიკაციას და რაც მთავარია, ხარისხის მართვის მაღალი სტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს. ჩვენ ვივლით იმ გზით, რომ რკინიგზა გადაიქცეს თანამედროვე კომპანიად", - განაცხადა გუნცაძემ.
ცნობისთვის, Lean Six Sigma მეთოდოლოგია წარმოადგენს წარმოების მართვის კონცეფციას, რომლის ძირითადი არსია საწარმოო პროცესების შემდგომ, გამოსავალი პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება, დეფექტების მინიმიზაცია და სტანდარტიდან გადახრების შემცირება, ასევე, ისეთი პროცესების შექმნა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება დანაკარგების მინიმიზაცია და ეკონომიკური ეფექტი.
პროექტის ფარგლებში "საქართველოს რკინიგზაში" საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის მიერ თანამშრომლების სათანადოდ მომზადება მოხდა. მომზადების პროცესის ძირითადი შემადგენელი ნაწილი, თეორიულ ნაწილთან ერთად, კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე მუშაობა იყო, რასაც პროექტების სახე მიეცა. ამჟამად კომპანიაში პროექტების იმპლემენტაცია მიმდინარეობს. "საქართველოს რკინიგზის" ცნობით, ცალკეულმა მათგანმა უკვე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი მოიტანა.
Lean Six Sigma მეთოდოლოგია პირველად კომპანია Motorola-მ შეიმუშავა და იმპლემენტაციის შედეგად სოლიდური ეფექტი მიიღო. შემდგომში ეს პროგრამა წარმატებით გააგრძელა კომპანია General Electric-მა. დღეს Lean Six Sigma მეთოდოლოგია ყველა ცნობილ კომპანიაშია დანერგილი.