რა პრობლემები შეგექმნებათ სესხის ვადის გადაცილების შემთხვევაში

სასესხო მომსახურებით თითქმის ყველა ოჯახი სარგებლობს. "საქართველოს ეროვნული ბანკის" მონაცემების მიხედვით, 2017 წლის პირველი აპრილისთვის, ქვეყანაში 403,3 მილიონი ლარის ვადაგადაცილებული სესხია.

მიუხედავად ამისა, "ეროვნული ბანკის" ინფორმაციით, ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 1 აპრილისთვის, წინა თვის ამავე რიცხვთან შედარებით, 34,5 მილიონი ლარით შემცირდა.

როგორც "საქართველოს ეროვნული ბანკის" სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, პრობლემური სესხების მაჩვენებელი არც ისე მცირეა და თუ გვსურს, აღნიშნულ სტატისტიკაში ჩვენი პრობლემებიც არ მოექცეს, მაშინ სპეციალისტების რჩევები და ვადაგადაცილებული სესხის შემდგომი გართულებები უნდა გავითვალისწინოთ.

აღნიშნულ საკითხზე Allnews.ge რამდენიმე ბანკის წარმომადგენელს გაესაუბრა, რომელთაც ვადაგადაცილებული სესხების შემთხვევაში, ბანკის სანქციების შესახებ ისაუბრეს.

პროცედურები კი ასეთია:

1. გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, საურავი 10-20 ლარის ოდენობით გერიცხებათ;

2. ყოველ მომდევნო დღეს საურავის სახით თანხის 0,5% გერიცხებათ;

3. თუ დაახლოებით, ერთი თვის ვადაში, ვალდებულების გასტუმრებას ვერ ახერხებთ, საქმე პრობლემური აქტივების მართვის კომპანიას გადაეცემა, რომელიც თქვენთან შეთანხმების საფუძველზე, სესხის გადანაწილებას ახდენს, რაც წინა სესხის დროს აღებული გრაფიკის თავიდან გადათამაშებას გულისხმობს. ამ პერიოდში კი თქვენ სესხს საურავებიანად დაფარავთ.

4. აღნიშნული პროცედურები ვრცელდება იპოთეკის შემთხვევაშიც, თუმცა თუ პრობლემური აქტივების მართვის კომპანიასთან, სესხის გადანაწილებასთან დაკავშირებული შეთანხმება არ შეასრულეთ, ბანკის საბოლოო ნაბიჯი ბინის აუქციონის მეშვეობით გაყიდვაა.

5. სხვა შემთხვევაში ბანკები საქმეს ინდივიდუალურად განიხილავენ და მომხმარებელთან შეთანხმების საფუძველზე, სესხის დაბრუნებაზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას იღებენ.

როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ აღნიშნული პრობლემები არ შეგვექმნას?

"საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელის, გიორგი კეპულაძის თქმით, თავდაპირველად, რისკები უნდა შევაფასოთ, ანუ რამდენად გვაქვს აღებული ვალდებულების გასტუმრების შესაძლებლობა.

"ბანკი თავდაპირველად, უშუალოდ მომხმარებელთან მოლაპარაკების გზით ცდილობს, რომ თავის მიზანს მიაღწიოს და სესხის დაფარვის პროცედურები განახორციელოს. შესაბამისად, ის მომხმარებელს ყოველთვიური გადასახადების შეტანას აკისრებს, სხვა შემთხვევაში, მას სანქციების გამოყენება უწევს. ეს ყველაფერი გაწერილია ხელშეკრულებაში, რაზეც ხელი ორივე მხარეს აქვს მოწერილი და მომხმარებელმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რა სანქციები შეიძლება დაეკისროს მას, რა ვალდებულებები აქვს ამ ხელშეკრულების მიხედვით. გარდა ამისა, მსესხელებელმა თავისი შესაძლებლობებიც უნდა გაითვალისწინოს," - განმარტავს ის. განაგრძეთ კითხვა