თელავის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი გარემოვაჭრეები და ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების მეპატრონეები ტროტუარზე მოაჯირის გაკეთებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მოქალაქეები მათ ობიექტებამდე თავისუფლად მისვლას ვეღარ მოახერხებენ.
აქციის მონაწილეები დღეს თელავის მერიაშიც იმყოფებოდნენ, თუმცა მათ არავინ შეხვდა, რადგან დღეს დასვენების დღეა.
როგორც ქალაქის მერმა პლატონ კალმახელიძემ განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოქალაქეთა გადაადგილება და გარევაჭრობა ამ დროისთვის ქაოტურ სახეს იღებს. მისივე თქმით, აღნიშნული მოაჯირის დამონტაჟება ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.
რაც შეეხება გარემოვაჭრეებს, პლატონ კალმახელიძის თქმით, მათ თელავის მერიამ ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზა ვაჭრობისთვის, კერძოდ, თელავის ერთ-ერთი კერძო ბაზარი.
თელავის მერის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოაჯირი აუცილებლად დამონტაჟდება.