იაპონიაში მუშახელის მწვავე დეფიციტის გამო, საშუალო ზომის კომპანიები რობოტებისა და სხვა ავტომატიზებული ტექნიკის შეძენას სულ უფრო ხშირად გეგმავენ.
რობოტებს და ნახევრად ავტომატურ მანქანებს, სხვადასხვა სირთულის და ტიპის დავალებების შესრულება შეუძლიათ. ისინი დავალებებს ზუსტად ასრულებენ - წარმოებაში, მიწათმოქმედებასა და სასტუმროს სერვისებშიც.
იაპონიის ბანკის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კომპანიები, რომელთა სააქციო კაპიტალიც 100 მილიონიდან 1 მილიარდ იენამდეა, მიმდინარე საფინანსო წლის განმავლობაში, ინვესტიციების 17.5 პროცენტით გაზრდას გეგმავენ, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
მართალია, ეს არ ნიშნავს, რომ ინვესტიციები დიდწილად ავტომატიზაციის და რობოტიზაციის მიმართულებით იგეგმება, თუმცა ამ ტიპის ეკიპირების მწარმოებლები აცხადებენ, რომ მათ ნაწარმზე შეკვეთები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
გარდა ამისა, რობოტების მწარმოებელ ბევრ იაპონურ კომპანიას, წლის პირველ თვეებში შემოსავლები მნიშვნელოვნად გაეზარდა.
იმ ფონზე, რომ ქვეყანაში სულ უფრო მცირდება მუშახელის რიცხვი და მოსახლეობის დაბერების პროცესი პიკს აღწევს, რობოტიზებული და ავტომატიზებული ტექნოლოგიების განვითარებას, მწარმოებლობის და შესაბამისად, ეკონომიკის ზრდის გამოწვევა შეუძლია. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ იაპონიის მაგალთს მალე ჩინეთი და სამხრეთ კორეაც გაიზიარებენ, სადაც მოსახლეობის დაბერების პროცესი ასევე შესამჩნევია.
„კავასაკი ჰევი ინდასტრიზის“ რობოტების დივიზიონის მენეჯერი იასუჰიკო ჰაშიმოტო ამბობს, რომ იაპონიაში კომპანიების 90 პროცენტზე მეტი საშუალო და მცირე ზომისაა. მათი უმეტესობა ჯერჯერობით არ იყენებს რობოტებს. თუმცა მალე სიტუაცია შეიცვლება და „კავასაკი“ უკვე ემზადბა იმისათვის, რომ ასეთ კომპანიებს შესაფერისი რობოტიზებული პროდუქცია შესთავაზოს.
ასეთებს შორისაა ორხელიანი, 170 სანტიმეტრის სიმაღლის რობოტი, რომელსაც „კავასაკის“ ინფორმაციით, პროგრამის გამოცვლის შემთხვევაში, სხვადასხვა სამუშაოს შესრულება შეუძლია. მაგალითად, იმუშავებს ელექტრონიკის მწარმოებელ ქარხანაში, შეფუთავს საკვებს, ან აწარმოებს წამლებს.
„ჰიტაჩი კონსტრაქშენ მეშინერი“ აწარმოებს ეკიპირებას, რომელსაც მიწის სათხრელი სამუშაოების შესრულება შეუძლია. ის იყენებს გლობალური პოზიციონირების სისტემას (GPS), რომლის მეშვეობითაც, პროგრამაში მითითებული სამუშაოს სანტიმეტრების სიზუსტით შესრულება შეუძლია.
იაპონიაში მუშაობის უნარის მქონე მოსხლეობის რიცხვმა პიკს 1995 წელს მიაღწია, შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა თითქმის 87 მილიონი იყო. მას შემდეგ კი კლება დაიწყო და ეს პროცესი ამჟამადაც გრძელდება. სამთავრობო კვლევები აჩვენებს, რომ შრომისუნრიან მოსახლეობის რიცხვი 76 მილიონამდე არის შემცირებული, 2065 წელს კი 45 მილიონამდე დაიკლებს.
იაპონიის შრომის სამინისტროს მონაცემებით, საშუალო კომპანიებმა (რომლებშიც 100-დან 499-მდე ადამიანი მუშაობს) შარშან 1.1 მილიონი ახალი სამუშაო ადგილის განცხადება გამოაქვეყნა. ეს დაახლოებით ორჯერ მეტია იმ განცხადებაზე, რომლებიც უფრო დიდმა კომპანიებმა (500-ზე მეტი თანამშრომლით) გამოაქვეყნეს.
ტოკიოს დისნეილენდის მახლობლად მდებარეობს სასტუმრო „ჰენ ნა ოტელი“ (იგივე „უცნაური ოტელი“), რომლის მფლობელიც მას რობოტების სასტუმროს ეძახის. ეს არცაა გასაკვირი, რადგან მის 100 ნომერს, 140 სხვადასხვა ტიპის რობოტი და ავტომატიზებული სისტემა ემსახურება. ეს იმ დროს, როცა ასეთი ზომის სასტუმროში ოპერატორებად მხოლოდ სამი ადამიანი მუშაობს. ყოველ ოთახში გამწესებულია კვერცხის ფორმის რობოტი-პირადი ასისტენტი, სახელად „ტაპია“. ხელოვნური ინტელექტი მას ადამიანის სახის გარჩევის და მათს ხმოვან ბრძანებებზე რეაგირების საშუალებას აძლევს. მას შეუძლია სტუმრის გაღვიძება, განრიგის შეხსენება.