რამდენად გააძვირებს დიდი ჰესების მშენებლობა ელექტროენერგიას

საქართველოში ელექტროენერგიის გაძვირებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ გაზეთი "რეზონანსი" წერს.

კერძოდ, გამოცემის თანახმად, მსხვილი და საშუალო ჰესების მშენებელ ინვესტორებს მემორანდუმებში ჩადებული აქვთ, რომ საქართველო მათგან ელექტროენერგიას 4,5-6,5 ცენტად იყიდის, ანუ დაახლოებით 10,3 თეთრად. სპეციალისტები ამბობენ, რომ მემორანდუმები გადასახედია, ვინაიდან იქ სახელმწიფოს ინტერესი, ფაქტობრივად, იგნორირებულია და ინვესტორის ინტერესი უპირატეს დონეზეა დაყენებული.

"როგორც წინა, ისე ახალ ხელისუფლებაში ხშირად აცხადებენ, რომ მსხვილი და საშუალო ჰესების მშენებლობა, ენერგოუსაფრთხოებასთან ერთად, სტაბილურად დაბალი ტარიფის გარანტი იქნება. ეს, რბილად რომ ვთქვათ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. რამდენად შესაძლებელია დაბალი ტარიფების შენარჩუნება, როდესაც მცირე ჰესების მიერ წარმოებული დენის ტარიფი დარეგულირებულია, ხოლო საშუალო და მსხვილ ჰესებისთვის 6-ცენტიანი ტარიფებია განსაზღვრული. ენგურჰესის იაფიანი ელექტროენერგია კი საქართველოსთვის საკმარისი არ იქნება და ამაზე თავად ენერგეტიკის სამინისტროშიც საუბრობენ," - წერს "რეზონანსი".

გამოცემის ცნობით, ხუდონჰესის მიერ გენერირებული ელექტროენერგიის ტარიფი 5,84 ცენტი იქნება (10,04 თეთრი), ფარავანჰესის - 4,5-4,7 ცენტი (7,74-8,08 თეთრი), ნაბეღლავიჰესის - 4,1 ცენტი (7,05 თეთრი), ყაზბეგიჰესის - 5-6,5 ცენტი (8,6-11,18 თეთრი).

როგორც ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტმა რეზო არველაძემ გაზეთს განუცხადა, მსხვილი და საშუალო ჰესების მშენებლობა დაბალი ფასების სტაბილურობის გარანტი ვერ იქნება, ვინაიდან ამ ჰესებში ინვესტიციები იდება, რომელიც დასაბრუნებელია. იგი მიიჩნევს, რომ ელექტროენერგიის ტარიფი აუცილებლად გაიზრდება.

”მცირე და საშუალო ჰესებზე ნაწარმოები ელექტროენერგიის ღირებულება ყოველთვის იქნება იმაზე მაღალი, რაც დღეს არის საშუალო შეწონილი ტარიფის გენერაციისა. აქედან გამომდინარე, ეს ტარიფი ნებისმიერი ელექტროსადგურის მშენებლობის კვალობაზე აუცილებლად გაიზრდება”, - ამბობს რეზო არველაძე.

მისი თქმით, ინვესტორებთან დადებული მემორანდუმები გადასახედია, ვინაიდან ჰესების მშენებლობიდან სახელმწიფომ უფრო მეტი დივიდენდი უნდა მიიღოს. 

ენერგეტიკისა და საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორი, მირონ ფირცხელანის აზრით, უმჯობესია, ხელისუფლებამ აქცენტი მცირე და საშუალო ელექტროსადგურების მშენებლობაზე გააკეთოს და მემორანდუმებში ფასი საერთოდ არ ჩაწეროს.

”მემორანდუმში ტარიფის ჩაწერა არის მოტყუება. გარდა ამისა, კაშხალი მაღალი იქნება თუ დაბალი, ფასების თვალსაზრისით, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ქვეყანაში ჭარბი ენერგია შეიქმნას, ამისთვის კი მაღალი კაშხლები აუცილებელი არ არის. ყველაზე მეტად საშუალო და მცირე სიმძლავრეების სისტემა ამართლებს და ვინც იმას ქადაგებს, რომ მსხვილი ჰესები სტაბილური ტარიფის გარანტი იქნება, იტყუება,” - განუცხადა მირონ ფირცხელანმა "რეზონანსს".

გაზეთის თანახმად, ენერგეტიკოსების ნაწილი აღნიშნავს, რომ ქართულ ენერგეტიკაში ინვესტორებს იმდენად კარგი პირობები შეექმნათ, რომ მათი და სახელმწიფოს ინტერესები არათანაბარია. გარდა იმისა, რომ ისინი ტარიფს ძირითადად, თავად ადგენენ, მათთვის ქსელთან მიერთება უფასოა, ხოლო საქართველოს მთავრობა ელექტროენერგიის გარანტირებულ შესყიდვას სთავაზობს ზამთრის პერიოდში (დეკემბერი, იანვარი და თებერვალი). გარდა ამისა, ახალ ჰესებს ენიჭებათ თურქეთ-საქართველოს 500 კვ-იანი ხაზით სარგებლობის პრიორიტეტი (მათ უფლება აქვთ, გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმონ სისტემის ოპერატორთან).

აქედან გამომდინარე, ენერგეტიკოსები მიიჩნევენ, რომ ინვესტორებთან გაფორმებული მემორანდუმები და დადებული ხელშეკრულებები არ პასუხობს საქართველოს ინტერესებს. მათ აუცილებლად მიაჩნიათ ამ მემორანდუმების გადახედვა. მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ 2015 წლიდან საქართველოს ექნება შესაძლებლობა, გაყიდოს 1,92 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია უცხოეთის ბაზარზე. ამასთან, ნავარაუდევია, რომ სწორედ ამ პერიოდიდან საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება მნიშვნელოვნად გაუსწრებს მოთხოვნას, შემდეგ წლებში მკვეთრად გაიზრდება ექსპორტი და 2021 წელს 7,84 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. 2014-21 წწ. საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის გაყიდვით ინვესტორები, საერთო ჯამში, 1,6 მლრდ აშშ დოლარს მიიღებენ.