წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან.

რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად, სოფელში ადგილობრივების საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები დაიტბორა. სტიქიამ ასევე გაანადგურა მოსახლეობის სახნავ-სათესი სავარგულები და შინაური ფრინველი.

მოსახლეობა აცხადებს, რომ ძლიერი წვიმების დროს მათი სახლების დატბორვა ხშირია. ადგილობრივები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

ამ დროისთვის მდინარე რიონი კალაპოტს დაუბრუნდა. წყალტუბოს ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ზარალის დათვლის შემდეგ, დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას გაუწევენ.