აშშ-მა და საუდის არაბეთმა სამხედრო იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით 110 მილიარდ აშშ დოლარის ხელშეკრულება გააფორმეს.
გარიგებას ხელი ერ-რიადში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა დონალდ ტრამპმა და საუდის არაბეთის მეფემ, სალმან ბენ აბდელ აზიზ ალ საუდიმ მოაწერეს.
ხელშეკრულების თანახმად, საუდის არაბეთი შეერთებული შტატებისგან სამხედრო იარაღს შეიძენს. კერძოდ, საუდის არაბეთი 150 ერთეულ Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენებს, რომელთა საერთო ღირებულებაც 6 მილიარდი აშშ დოლარია, ტანკებს, სხვადასხვა სახის არტილერიას, ჯავშანტექნიკას, სანაპირო დაცვის გემებს, ასევე „პატრიოტისა“ და THAAD-ის ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს შეიძენს. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ გაფორმებული ხელშეკრულება საუდის არაბეთს, რეგიონში ტერორიზმის წინააღმდეგ უფრო ეფექტურად ბრძოლის შესაძლებლობას მისცემს.