სამედიცინო ობიექტების რეაბილიტაციას უკანონოდ შეჭრილები აფერხებენ

სხვადასხვა ობიექტებიდან უკანონოდ შეჭრილი ადამიანების გამოსახლება იგეგმება. როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეჭრილთაგან მხოლოდ მესამედია, ვისაც რეალურად უჭირს, დანარჩენებს კი სხვაგანაც აქვთ ქონება.

"ჩვენ უკვე წელიწადზე მეტია, რაც ვცდილობთ, რომ ვმართოთ ანალოგიური პრობლემები. 1997 წლიდან 2012 წლამდე იყო შეჭრის სამი შემთხვევა, ხოლო 2012 წლის 3 ოქტომბერს, დიდი ალბათობით ორგანიზებული კამპანიის ფარგლებში, იწყება მასიური შეჭრა მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთდროულად 50 ობიექტში. ჩვენი შიდა მოკვლევით ვიცით ამ ორგანიზებულების ხასიათი. გამოიკვეთა სურათი, რომ ასეთ შენობებში, დაახლოებით მესამედი არის რეალურად გაჭირვებული ადამიანი, რომელსაც არანაირი სხვა გამოსავალი არ აქვს. ჩვენ ასეთ ადამიანებს ვეხმარებით. მაგალითად, 2012-13 წლის ზამთარში 1000 ოჯახს, 6 თვის განმავლობაში ვუხდიდით ბინის ქირას. აქაც ასევე მოვიქცევით, რეალურად გაჭირვებული ვინც არის, იმას აუცილებლად დავეხმარებით და ქუჩაში არ გავყრით, მაგრამ იმ კატეგორიას, ვისაც სხვაგანაც ქონება აქვს, ვინც შეგნებულად ცდილობს ხელი მოითბოს, მათ იძულების წესით დავატოვებინებთ შენობას,” - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ეს იქნება არა სადამსჯელო ოპერაცია, არამედ ავადმყოფ ადამიანებზე ზრუნვა. სერგეენკოს განცხადებით, ყველა პროცედურა დასრულებულია, რომ გუდამაყრის ქუჩაზე მდებარე ყოფილი კარდიოლოგიის ინსტიტუტი გადაკეთდეს ინფექციური სნეულებების მართვის თანამედროვე კლინიკად, თუმცა ამ შენობაში შეჭრილები ამის საშუალებას არ აძლევენ.

"გვაქვს პროექტი, გვაქვს თანხა, გვყავს შემსრულებელი, რომ შენობა გადაკეთდეს ინფექციური სნეულებების მართვის თანამედროვე კლინიკად. იქ არიან ძალით შეჭრილი ოჯახები, რომლებიც არ აძლევენ მშენებლებს იმის საშუალებას, რომ შევიდნენ და დაიწყონ სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ამ დროს, ჩვენ მათან გვქონდა მრავალთვიანი მოლაპარაკება, შევთანხმდით ჯერ კიდევ შარშან, რომ ჩვენ შეძლებისდაგვარად დავეხმარებოდით ბინის ქირის გადახდაში. ეს ჯერ მოწონთ, მერე არ მოწონთ, მერე ითხოვენ ბინას. შევთავაზეთ საცხოვრისი, მაგრამ არ მოწონთ, ითხოვენ ცენტრალურ რაიონში ბევრ ოთახიან ბინებს. ის პრობლემა, რაც სოციალურად დაუცველებს აქვთ, გაცნობიერებული გვაქვს, თუმცა მათი პრობლემების მოგვარება არ უნდა მოხდეს პაციენტების ხარჯზე", - აღნიშნა სერგეენკომ.

მისივე თქმით, იგივე პრობლემაა ისანში, ყოფილ ვეტერანთა ჰოსპიტალში, რის შედეგადაც ვეტერანები, 30 000-მდე ადამიანი, ვეღარ ღებულობენ ვერანაირ სამედიცინო მომსახურებას.

”დროებითი შენობა, რომელიც დიდუბეში იყო, უკვე ავარიულია და ადამიანის იქ ყოფნა სიცოცხლისთვის საშიშია. აქაც გვაქვს მზაობა, თანხები, რომ მოვახდინოთ შენობის რეკონსტრუქცია და ვეტერანებს და სხვა ადამიანებს მივცეთ სრულყოფილი სამედიცინო სერვისების მიღების საშუალება. თუმცა, ამის საშუალებას ასევე შეჭრილები არ გვაძლევენ. შესახლებულებიდან სოციალურად დაუცველი 30%-ია რეალურად, დანარჩენებს კი უნდათ მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ და ხელი მოითბონ,” - განაცხადა მინისტრმა.