”ქართული ოცნების” დეპუტატის ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, მისთვის არაფერია ცნობილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურის განხილვის შესახებ.
როგორც კვაჭანტირაძემ განაცხადა, მას პირადად მონაწილეობა არ მიუღია ისეთ შეხვედრაში, სადაც ნარმანიას გენერალურ აუდიტორად შესაძლო დანიშვნაზე იყო საუბარი.
”აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურაზე ჩვენ არ გვიმსჯელია. ყოველ შემთხვევაში, მე ნამდვილად არ მიმიღია მონაწილეობა რომელიმე ისეთ შეხვედრაში, სადაც აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურაზე იყო მსჯელობა”, - აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.
კითხვაზე, რა ნიშნით შეიძლება შეირჩეს გენერალური აუდიტორის პოსტზე დავით ნარმანია, კვაჭანტირაძემ განაცხადა, რომ ნარმანიაზე, როგორც გენერალურ აუდიტორზე პასუხის მოცემა არ შეუძლია, მაგრამ მას პიროვნულად პატივს სცემს.