კონკურენციის კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პლენარული სხდომის ფორმატში იხილავენ

პარლამენტი პლენარული სხდომის ფორმატში, "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს.

საკანონმდებლო პაკეტის განხილვა ოპოზიციის კრიტიკის ფონზე მიმდინარეობს, რომელიც მთავრობის ინიციატივაში ბიზნესის კონტროლის მცდელობებს ხედავს.

საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნათია მიქელაძე აცნობს. მისი განმარტებით, პროექტის მიზანია, თავისუფალი და კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, კონკურენციის მარეგულირებელი ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესება, დამოუკიდებელი სტრუქტურის – კონკურენციის სააგენტოს ჩამოყალიბება, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება პრემიერ-მინისტრის წინაშე.

პროექტი ითვალისწინებს დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აღკვეთის მექანიზმებს, ქმედითი ღონისძიებების განხორციელებას, მცირე ბიზნესის ხელშეწყობას, ეკონომიკური აგენტების ინტერესების დაცვასა და კონკურენციის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, დროული და სათანადო რეაგირების უზრუნველყოფას.

კანონს "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" კანონის ნაცვლად, "კონკურენციის შესახებ" კანონი დაერქმევა. ზუსტდება კანონის მოქმედების სფერო და ის სფეროებიც განისაზღვრება, რომლებზეც აქამდე კანონის მოქმედება არ ვრცელდებოდა.

"კანონპროექტის მომზადებაზე ინტენსიური მუშაობა გასული წლიდან მიმდინარეობდა და ამ პროცესში ყველა დაინტერესებული პირი მონაწილეობდა", - განაცხადა ნათია მიქელაძემ.

"თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.