ბიტკოინის ფასმა კვირის დასაწყისშივე განაახლა ყველა დროის რეკორდი - ჯერ უქმეებზე 2 000-დოლარიან ზღვარს ასცდა, ორშაბათს კი 2 100 დოლარს მიაღწია.
ბოლო ერთ კვირაში ფასის ზრდამ დაახლოებით 500 დოლარი შეადგინა, ბოლო ერთ თვეში კი ბიტკოინის ფასი თითქმის 1 200 დოლარით არის გაზრდილი. ფასის ასეთ მკვეთრ მატებას ის გარემოება იწვევს, რომ კრიპტოვალუტას, როგორც გადახდის საშუალებას, სულ უფრო მეტი განვითარებული ქვეყანა აღიარებს.
ყველაზე მაღალი კურსი ნიუ იორკში ბაზირებული „იტბიტ„-ის სავაჭრო პლატფორმაზე დაფიქსირდა, სადაც ბიტკოინის ფასმა გარკვეულ მომენტში 2 105 დოლარს მიაღწია. ციფრული ვალუტის ფასმა 2 100-დოლარიან ზღვარს „პოლონიექსის“, BTC-e-ს, „ბიტფინექსის“, „კრაკენის“ და „ბიტსტამპის“ პლატფორმებზეც მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის ფასი 12 იანვარ მხოლოდ 752 დოლარი იყო. ფასის ყველაზე მკვეთრი ზრდა მაისში დაიწყო მას შემდეგ, რაც იაპონიამ ის ოფიციალურად აღიარა, როგორც გადახდის საშუალება.
ბიტკოინის ფასის ბოლო აღმასვლის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ ბიტკოინით მოვაჭრე ნიუ იორკულ პლატფორმა „ლედჯერX-ის“ მფლობელ კომპანია „ლედჯერ ჰოლდინგსში“, „მაიამი ინტერნეიშენლ ჰოლდინგსმა“ და ჩინურმა „ჰიუიინ ბლოკჩეინ ვენჩურზმა“ 11.4 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს. ეს ინვესტიცია, „ლედჯერ ჰოლდინგსს“ თავისი სავაჭრო პლატფორმის ციფრული ვალუტების სავაჭრო პლატფორმად ჩამოყალიბებაში და ბიტკოინების კლირინგულ ცენტრად ფორმირებაში დაეხმარება. ამჟამად „ლედჯერX“, აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიისგან, ვაჭრობის ოფიციალურ ნებართვას ელის, რომლის მიღების შემდეგაც ის აშშ-ში ციფრული ვალუტებით მოვაჭრე პირველი პლატფორმა გახდება.
ამჟამად მიმოქცევაში არსებული ბიტკოინების ჯამური ღირებულება 37.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ვალუტის ამ სახეობას მსოფლიოს არცერთი ქვეყნის ცენტრალური ბანკი არ მართავს. ის არ არსებობს ბანკნოტების სახით. მისი მოპოვება ეგრეთ წოდებული „მაინინგის“ მეშვეობით ხდება. ბიტკოინს სულ უფრო ხშირად იყენებენ ინტერნეტით ნივთების და მომსახურების შესაძენად.