მიმდინარე წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბათუმის მიმართულებით ფრენებს 6 ახალი ავიაკომპანია გეგმავს, - ამის შესახებ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი იუწყება.
მათი ცნობით, ბათუმის აეროპორტს ახალი ფრენები დუბაის, ბეირუთის, კიევის, მოსკოვის, ჩერეპოვეცისა და სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით ემატება.
„Fly Dubai - დუბაი-ბათუმი-დუბაი; Wings of Lebanon - ბეირუთი-ბათუმი-ბეირუთი; Anda Air - კიევი-ბათუმი-კიევი; Nordavia - ს. პეტერბურგი-ბათუმი-ს. პეტერბურგი; Nordstar Airlines - მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი; Severstal - ჩერეპოვეცი-ბათუმი-ჩერეპოვეცი.
გარდა ახალი ავიაკომპანიებისა და მიმართულებებისა, ფრენები ისევ განხორციელდება ისრაელიდან, ბელორუსიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან. ჯამში, „ტავ ჯორჯიას“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ზაფხულში ფრენებს ბათუმის მიმართულებით 21 ავიაკომპანია შეასრულებს. ამას დაემატება ჩარტერული რეისებიც.
მიმდინარე წელს, ფრენების რაოდენობა გაიზარდა ისრაელიდანაც. თელ-ავივიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს ოთხი ავიაკომპანია - Esrair Airlines, Arkia, ELAL airlines და Georgian Airlines ანხორციელებს“, - აღნიშნულია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციაში.