ქუვეითური Agility Logistics ბათუმისა და ფოთის პორტებს მოინახულებს

Agility Logistics-ის წარმომადგენლები საქართველოში დღეს ჩამოვლენ და 22 მარტამდე დარჩებიან.

ქუვეითური კომპანიის სამუშაო ვიზიტს ორგანიზება ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ გაუწია. დელეგაციას Agility Logistics-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, ბორენე ბენმენა უხელმძღვანელებს.

Agility Logistics-ის აღმასრულებელ დირექტორს საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველად დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა და კომპანიის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში სწორედ მაშინ დაიგეგმა.

20 მარტს ვიზიტის ფარგლებში იგეგმება სამუშაო შეხვედრები საქართველოს ვიცე-პრემიერთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელ გიორგი პერტაიასთან, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი ბაჩიაშვილთან და საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორ მამუკა ბახტაძესთან.

21 მარტს კი, დელეგაციის წევრები ესტუმრებიან ბათუმისა და ფოთის პორტებსა და საკონტეინერო ტერმინალებს, სადაც ადგილზე გაეცნობიან საქართველოს ლოგისტიკურ სექტორში არსებულ ტენდენციებსა და ინვესტირების შესაძლებლობებს.

Agility Logistics-ის ძირითადი საქმიანობა მოიცავს საექსპედიტორო, სატრანსპორტო, სასაწყობო და მომარაგების ჯაჭვის მართვის მომსახურებებს. კომპანია 100-ზე მეტ ქვეყანაში 500-მდე ოფისს ფლობს და დაახლოებით 22,000 ადამიანს ასაქმებს.