საქართველოს ეროვნული ბანკისა და ჰოლანდიის ცენტრალური ბანკის ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, 23-25 მაისს, სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში, საერთაშორისო შეხვედრა - „თანამედროვე შიდა აუდიტი - ახალი მიდგომები“ გაიმართება.
როგორც ეროვნული ბანკიდან იუწყებიან, შეხვედრა მიზნად ისახავს თანამედროვე შიდა აუდიტის როლის განხილვას ორგანიზაციის ბიზნეს პროცესების გაუმჯობესების კუთხით, ასევე, შიდა აუდიტის გამოწვევების, რისკებისა და პერსპექტივების შესახებ გამოცდილების გაზიარებას. შეხვედრას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე გახსნის.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სსფ-სა და მსოფლიო ბანკის ბელგია-ნიდერლანდის ჯგუფში შემავალი ქვეყნების, ასევე, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სხვადასხვა ქვეყნების - ჰოლანდიის, ჩეხეთის, უნგრეთის, უკრაინის, თურქეთის, სომხეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინის, მაკედონიის, მოლდოვის, რუმინეთის, ლიტვის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ირანის, ყირგიზეთისა და სლოვაკეთის ცენტრალური ბანკების შიდა აუდიტორები.
შეხვედრას გაუძღვებიან შიდა აუდიტის სფეროს ცნობილი ექსპერტები ჰოლანდიის ცენტრალური ბანკიდან - რობერტ კორნელისი და ანეტ მანი. მონაწილეები განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა ცვლილებები შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებში, რისკზე დაფუძნებული შიდა აუდიტის მიდგომა, თაღლითობის რისკის შეფასება, თაღლითობის პრევენცია და აღმოჩენა, თაღლითობის კვლევის ტექნიკები, შიდა აუდიტის დამატებითი ღირებულება კორპორატიულ მმართველობაში, დაცვის მესამე ხაზის ღირებულების მაქსიმიზაცია, შიდა აუდიტის ეფექტურობის შეფასება და გაუმჯობესება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა სამინისტროების შიდა აუდიტის დეპარტამენტების წარმომადგენლები.
ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის, მამუკა ჯიბუტის განცხადებით, „საერთაშორისო შეხვედრა მნიშვნელოვანია შიდა აუდიტის სფეროს აქტუალურ საკითხებზე მსჯელობისთვის.
„საერთაშორისო შეხვედრა მნიშვნელოვანია შიდა აუდიტის სფეროს აქტუალურ საკითხებზე მსჯელობის და დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით. ასევე კოლეგებს შორის კომუნიკაციის ხარისხის ამაღლებისა და საქმიანი თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობის კუთხით“, - განაცხადა მამუკა ჯიბუტმა.