საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ ქართული მიწების დასაცავად კონსტიტუციის დონეზე საჭიროა მკვეთრი ჩანაწერი.
ხუნდაძის თქმით, ქართული მიწების გაყიდვა მერვე მოწვევის პარლამენტმა, ანუ „ქართული ოცნების“ გუნდმა შეაჩერა, რომელიც შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა.
”ვფიქრობ, ქართული მიწების დასაცავად საჭიროა უფრო მკვეთრი ჩანაწერი კონსტიტუციის დონეზე, რომ უცხოელებზე ქართული მიწის გასხვისება იყოს შეზღუდული. მიწა მხოლოდ ეკონომიკური ეფექტის მომტანი არ არის. მიწა არის რელიგიური, ისტორიული, კულტურული, პოლიტიკური, ეკოლოგიური და ეკონომიკური ფენომენი. ჩვენთვის მიწა არის სტრატეგიული მნიშვნელობის, რაც პირდაპირ კავშირშია სახელმწიფო უსაფრთხოებასთან. ასევე მნიშვნლოვანია, რომ 80-იანი წლებიდან სასოფლო სამეურნეო სავარგულების კადასტრი არ ჩატარებულა და პრაქტიკულად, არც ვიცით, რა რესურსი გაგვაჩნია. ფაქტობრივად, ჩვენ არ ვიცით რას ვყიდით, რა ფასად და რატომ. ის, რომ მიწის გაყიდვა საქართველოში დიდ ეკონომიკურ ეფექტს მოგვცემს მინიმუმ არასწორია, რადგან ეს არ არის ინვესტიციატევადი დარგი და ის ვერ იქნება ეკონომიკაში დიდი თანხის მოზიდვის საშუალება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა”, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე თქმით, არ არსებობს ქვეყანა, რომელიც მიწას უკონტროლოდ ყიდის.
”მაგალითად, ევროკავშირის წევრმა არაერთმა ქვეყანამ უცხოელებზე მიწის გაყიდვაზე 10, 12,14 წლით მორატორიუმი გამოაცხადა. მორატორიუმი ბულგარეთში დღესაც მოქმედებს. ჩემი პოზიციით, კონსტიტუციაში მკვეთრი ჩანაწერი უნდა არსებობდეს. ეს განწყობა არის გუნდშიც და გადაწყვეტილების მიღებისას ქვეყნის ინტერესები უმთავრესი იქნება”, - აღნიშნავს დეპუტატი.