ლუდის მწარმოებელმა ჰოლანდიურმა კომპანია „ჰაინეკენმა“ უალკოჰოლო ლუდის წარმოება დაიწყო და იმედი აქვს, რომ ამ ტიპის ლუდის ბაზარზე მალე მსოფლიო ლიდერობას მოიპოვებს.
მსოფლიოში სიდიდით მეორე ლუდის მწარმოებელმა ბარსელონაში, ფორმულა 1-ის ესპანური დიდი პრიზის დღეებში, საზოგადოებას ლუდი „ჰაინეკენ 0.0“ წარუდგინა, რომელსაც ევროპის ბაზარზე, რუსეთსა და ისრაელში შეიტანს. ამ ბაზრებზე, უალკოჰოლო ლუდზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება და „ჰაინეკენიც“ პირველ რიგში, დამკვიდრებას სწორედ იქ აპირებს.
ლუდის მსოფლიო ბაზარზე ლიდერია AB InBev, რომელსაც ეკუთვნის ისეთი პოპულარული ბრენდები, როგორებიცაა „ბადვაიზერი“, „სტელა არტუა“ და „კორონა“. მასზე ლუდის გლობალური ბაზრის მეოთხედზე მეტი მოდის. ჯგუფი 2025 წლისთვის თავის წარმოებაში, უალკოჰოლო და ალკოჰოლის მცირე შემცველობის (3.5 პროცენტი და ნაკლები) მქონე ლუდის წილის მეხუთედამდე გაზრდას აპირებს. უალკოჰოლო ლუდი მაღალი მარჟით იყიდება, რასაც ასეთ ლუდზე მცირე ბეგარა განაპირობებს. გარდა ამისა, მისი წარმოების დაწყება, უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე ფეხის შედგმას მოასწავებს.
უალკოჰოლო სასმელები მომხმარებლებს ნაკლები კალორიულობითაც იზიდავს. მაგალითისთვის, „ჰაინეკენ 0.0“ ჩვეულებრივ „ჰაინეკენსა“ და „კოკა-კოლაზე“ დაახლოებით ორჯერ ნაკლებ კალორიას შეიცავს. ჰოლანდიური კომპანია აცხადებს, რომ ესპანური ლუდის ბაზარის დაახლოებით 10 პროცენტი, უალკოჰოლო ლუდზე მოდის.
„ჰაინეკენის“ ბრენდის დირექტორი ჯანლუკა დი ტონდო ამბობს, რომ დაახლოებით ათი წელია საჭირო იმისათვის, რომ უალკოჰოლო ლუდზე გლობალური მოთხოვნა ძლიერ ტრენდად ჩამოყალიბდეს. ის აღიარებს, რომ მის კომპანიას, უალკოჰოლო ლუდის ბაზარზე ლიდერობა სურს.
უალკოჰოლო ლუდის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ამ სასმელის ბაზარზე დამკვიდრებას ხელს მისი მოტკბო გემო უშლის. „ჰაინეკენის“ ტექნოლოგის, ვილემ ვან ვაესბერგეს თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ ფერმენტაციის პროცესის ხანგრძლივობა შემცირებულია. გარდა ამისა, ალკოჰოლის გამოდევნის პროცესში, ლუდისთვის დამახასიათებელი არომატი და გემოს თვისებები იკარგება. ვან ვაესბერგე აღიარებს, რომ უალკოჰოლო ლუდს ჩვეულებრივის მსგავსი გემო არასდროს ექნება, თუმცა დასძენს, რომ მისმა კომპანიამ შეიმუშავა ხარშვის ტექნოლოგია, რომელიც სასმელს ჩვეულებრივი 5%-იანი „ჰაინეკენისთვის“ დამახასიათებელ გემოს უნარჩუნებს.
უალკოჰოლო სასმელის წარმოებისას, „ჰაინეკენი“ ორი განსხვავებული ტიპის ლუდს ხარშავს, საიდანაც ჯერ ალკოჰოლს გამოდევნის, შემდგ კი ერთმანეთში ურევს. ვან ვაესბერგე ამბობს, რომ ამ ორიდან გემოვნური თვისებებით არცერთი გამოირჩევა, მაგრამ ერთმანეთთან შერევით სასიამოვნო გემოს მქონე სასმელი მზადდება.
მერაბ ლორთქიფანიძე