კობა გვენეტაძე - საქართველოში ჩინური ბანკის დაარსებასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკში კონსულტაციები გაიმართა

საქართველოში ჩინური ბანკის დაარსებასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკში კონსულტაციები გაიმართა,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არის ინტერესი ასეთი ბანკის დაარსებასთან დაკავშირებით.

„ნებისმიერი ინვესტორისთვის, რომელსაც საქართველოში შემოსვლა და საბანკო ლიცენციის აღება სურს, ბაზარი გახსნილია. ჩვენ მივიღებთ და დავამუშავებთ ყველა ინფორმაციას, რომელიც წარმოდგენილი იქნება ნებისმიერი ინვესტორისგან. ჩვენ წინასწარი განხილვებიც გაქვს ასეთ ინვესტორებთან. წარვუდგენთ ყველა იმ ინფორმაციის სიას, რომელიც მათ უნდა წარმოადგინონ, რომ ასეთი ლიცენზია მიიღონ და ყველა შემთხვევაში ასეთი მიდგომა გვაქვს", - განაცხადა გვენეტაძემ და დასძინა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკთან იყო კონსულტაციები.

საქართველოში 1 მილიარდი დოლარის კაპიტალის მქონე ჩინური ბანკი გაიხსნება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ბანკის გაცხადებული კაპიტალი 1 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო შევსებული კაპიტალი - 300 მლნ აშშ დოლარი იქნება. ბანკის დამფუძნებლები არიან ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კორპორაცია „CEFC China Energy Company Limited“-ი და კომპანია „Eurasian Invest LLC”.