ტრამპის ბიუჯეტი სახელმწიფო ხარჯების 3,6 ტრილიონით შემცირებას ითვალისწინებს

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირველი საბიუჯეტო პროექტი მომავალი 10 წლის განმავლობაში სახელმწიფო ხარჯების 3,6 ტრილიონი დოლარით შემცირებას ითვალისწინებს.

როგორც “როიტერი” წერს, შესამცირებელ მიმართულებებს შორისაა: სამედიცინო სადაზღვევო პროგრამა Medicaid - 800 მილიარდით, მცირე შემოსავლიანებისათვის განკუთვნილი ბარათების პროგრამა - 192 მილიარდით, ფერმერების მხარდაჭერის პროგრამა - 38 მილიარდით და საფოსტო მომსახურების ხარჯების შემცირება - 46 მილიარდით.

მეორეს მხრივ, შეთავაზებულია 200 მილიარდის გამოყოფა შტატების საინვესტიციო სტიმულირებისთვის - ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ინფრასტრუქტურული პროექტების წასახალისებლად, 25 მილიარდი მშობლებისთვის 6 კვირიან ანაზღაურებად სადეკრეტო შვებულებაზე. ამასთან 1,6 მილიარდის დახარჯვა იგეგმება მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობაზე.

ტრამპის პროექტის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის წყალობით - რომელიც წელს მოსალოდნელია 3%-ის ფარგლებში - მიიღწევა 2,1 ტრილიონი დოლარის დაზოგვა.

თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, კონგრესი პრეზიდენტის საბიუჯეტო პროექტზე უარს იტყვის, ან საუკეთესო შემთხვევაში, უარყოფს რომელიმე მის ნაწილს მაინც, რომელიც პოლიტიკურად გაუმართლებლად მიაჩნია.

კოკა კვირკველია