მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის საშუალო ფასი 3.32 ლარამდე შემცირდა.
ISET-ის ხაჭაპურის ინდექსის თანახმად, ეს მაჩვენებელი 2.5%-ით დაბალია მარტთან შედარებით, თუმცა 4.9%-ით მეტია 2016 წლის აპრილის მონაცემზე.
ISET-ის ცნობით, ხაჭაპურის ფასის ცვლილება რძისა და ყველის ფასებზეა დამოკიდებული. ISET-ის მონაცემებით, ყველის ფასი აპრილში 6.93 ლარი იყო, რაც მარტთან შედარებით 5.2% -ით მცირეა. სხვა ხაჭაპურის ინგრედიენტების ფასები უფრო სტაბილური იყო და ფასი მცირედით შეიცვალა.
ISET-ის თანახმად, ხაჭაპურის ფასი ოთხივე ქალაქში დაეცა. ყველაზე დიდი კლება (-4.9) დაფიქსირდა ბათუმში; მას მოსდევს თელავი (-2.4); ქუთაისი (-2.1%); ყველაზე დაბალი კლება (-0.8%) კი თბილისში დაფიქსირდა.
ხაჭაპურის თვალსაზრისით, თბილისი ყველაზე ძვირადღირებული ქალაქია. 2017 წლის აპრილში დედაქალაქში ხაჭაპურის ფასი 3.45 ლარი იყო. მას მოსდევს თელავი, სადაც ხაჭაპურის ფასი 3.40 ლარია; ბათუმსა და ქუთაისში კი ფასები საშუალოზე დაბალია და 3.28 ლარი და 3.15 ლარი შეადგინა.
„გასაკვირი არ არის, რომ ხაჭაპურის ფასები ქუთაისსა და ბათუმში წლის ამ პერიოდში ყველაზე იაფია. მსგავსი ტენდენცია თითქმის ყოველწლიურად ფიქსირდება. ეს შესაძლოა იმით არის გამოწვეული, რომ შუა სეზონში ტურისტები ძირითადად თბილისსა და კახეთის რეგიონს სტუმრობენ, რაც უფრო მაღალ ფასებს იწვევს, ხოლო ქუთაისსა და ბათუმში მოთხოვნა და ფასები დაბალია,“ - წერს ISET.