ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას მხარი დაუჭირა.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოამზადა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე დღეს პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს, თუმცა ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პირველ ჯერზე ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ითვალისწინებს ფიზიკური და იურიდიული პირის გაფრთხილებას. სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის - 500 ლარის ოდენობით. ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდგომ ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის - 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის - 1000 ლარის ოდენობით.
პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ პასუხისმგებლობას დღის (07.00-23.00 საათამდე) და ღამის საათებში (23.00-07.00 საათამდე) ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის.
ასევე, კანონპროექტის გათვალისწინებით, 2018 წლის 1-ელ აპრილამდე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს განიხილავენ შინაგან საქმეთა ორგანოები - საპატრულო პოლიცია, რომელიც განხორციელებულ სამართალდარღვევებზე შესაბამისი ხმაურმზომი ხელსაწყოებით უზრუნველყოფს პირის მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. 2018 წლის 1-ელი აპრილიდან ეს ფუნქცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადაეცემა.