მცირეკომლიანი სოფლების დაფინანსება მილიონი ლარით გაიზარდა

სოფლებისთვის, რომელთა მოსახლეობა 50 ადამიანზე ნაკლებია, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, დაფინანსება წელს 1 102 000 ლარით გაიზარდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მომზადებული აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

დღეისთვის, სულ 551 მცირეკომლიანი სოფელია, რომლებიც ახმეტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში შედის.

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის" სახელმწიფომ ბიუჯეტიდან 2014 წელს 49 951 407 ლარი გამოიყო. ამ პროგრამით განსახორციელებელი პროექტები, როგორც ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ისე სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მაღალ შესაძლებლობას იძლევა.