პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთში გამართული შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) სამიტი შეაჯამა. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამიტზე ის სიტყვით გამოვიდა.
„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაბამისი პლატფორმა და შესაძლებლობა იმისთვის, ჩვენ კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი გზავნილი, რომელიც გუშინ გაჟღერდა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) სამიტზე. ჩვენს გამოსვლაში აღინიშნა, რომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის კავშირის ქვეყნები არღვევენ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის წესდების ისეთ მნიშვნელოვან პარაგრაფებს, როგორიც არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და საზღვრების ურყეობა“,- განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, სიტყვით გამოსვლისას ასევე ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არსებული კონფლიქტები იყოს მოგვარებული გაერო-ს წესების და ჰელსინკის აქტის შესაბამისად.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო გაგვეჟღერებინა აღნიშნული გზავნილები და ასევე გზავნილები იმისა, რომ ჩვენ შეიძლება ძალიან ბევრს ვაკეთებდეთ, ძალიან ბევრს ვშრომობდეთ იმისათვის, რომ რეგიონში მიღწეული იყოს წარმატება, განვითარება, მაგრამ აღნიშნული პრინციპების დაუცველობის შემთხვევაში, პრაქტიკულად ვერ მოხდება განვითარება.
კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც ჩვენ გუშინ გავაჟღერეთ, მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენ მოვუწოდეთ წევრ ქვეყნებს, ერთად ვიმუშავოთ სავაჭრო დისბალანსის აღმოსაფხვრელად.
სამიტის ფარგლებში მიღებული იყო ძალიან მნიშვნელოვანი დეკლარაცია, რომელშიც საქართველოს მხარის პრაქტიკულად ყველა მოთხოვნა იყო ასახული“,- აღნიშნა ქუმსიშვილმა.
მან გულთბილი მასპინძლობისთვის თურქეთის ხელისუფლებას და პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.