”ფლაი ჯორჯიას” უცხოელი თანამშრომელი სახელფასო დავალიანების გამო უჩივის

ავიაკომპანია ”ფლაი ჯორჯიას” თბილისის საქალაქო სასამართლომ უცხოელი თანამშრომლის, უღურ ისტიკლალ ბასას სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების გადახდა დააკისრა.

გაკოტრებულმა კომპანიამ მომჩივანს 43,4 ათასი ლარის გარდა, დამატებით ყოველ გადაცილებულ დღეზე თანხის 0.07%, ანუ, 3700 ლარი, ასევე ზიანის ასანაზღაურებლად 1000 ლარიც უნდა გადაუხადოს. საერთო ჯამში, სარჩელი ავიაკომპანიას სახელმწიფო ბაჟთან ერთად 51 ათასი ლარი დაუჯდება.

თუ ”ფლაი ჯორჯია” დროულად არ გადაიხდის დავალიანებას, მის ქონებას ყადაღა დაედება და იძულებით აუქციონზე გაიტანენ.

ფინანსური სიძნელეები ავიაკომპანიას, რომლის დამფუძნებლები ირანული წარმოშობის დუბაის მოქალაქეები იყვნენ, გასულ წელს შეექმნა, რის საფუძველზეც ლიზინგით გამოტანილი თვითმფრინავები და ფრენის ლიცენზიაც ჩამოერთვა. ”ფლაი ჯორჯიას” თანამშრომლების უდიდესი ნაწილისთვის სამი თვის სახელფასო დავალიანება არ გადაუხდია.