ხვალ სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს მეორე გაფართოებული სხდომა გაიმართება

სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში, ხვალ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს მეორე გაფართოებული სხდომა გაიმართება, რომელშიც საქართველოს სოფლის მეურეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მიიღებს მონაწილეობას.

როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან იუწყებიან, ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და სოფლის მეურნეობის მინისტრი გამოვლენ და საბჭოს წევრებს გააცნობენ სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე პროცესებს და დაგეგმილ პროექტებს. დისკუსია გაიმართება აქტუალური საკითხებისა და ახალი ინიციატივების შესახებ. საბჭოს სხდომის დღის წესრიგშია პალატის ახალი სტრატეგიის წარდგენა.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, პალატის საბჭოს მეორე გაფართოებული სხდომის ფარგლებში დაფუძნდება საქართველოს მემწვანილეთა ასოციაცია, ასევე ღონისძიებაზე მოხდება პალატის საბჭოს გაფართოება. მმართველი საბჭოს შემადგენლობაში მყოფ ბიზნესასოციაციათა რიგებს კახური ღვინის გილდია და მეწარმე ქალთა საბჭო შეემატებიან.

„საბჭო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითადი ორგანოა, რომელიც განიხილავს პალატის პრიორიტეტებს და იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. კანონის მიხედვით, პალატის საბჭოში გაწევრიანების უფლება ყველა მოქმედ ბიზნესასოციაციას აქვს. პალატის საბჭოს მოწყობის პრინციპი უზრუნველყოფს პალატის პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და მის მუშაობაში საქართველოს ბიზნეს სექტორის ჩართულობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.