საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტზე, თურქეთის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.
როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება, გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, უახლესი პოლიგრაფიული ტექნოლოგიების გამოყენებით დაამზადეს თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი 46 000 ერთეული ყალბი ქართული აქციზური მარკა, რომლის ნამდვილი აქციზური მარკისგან გარჩევა სპეციალური მოწყობილობის გამოყენების გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულები აღნიშნული ყალბი აქციზური მარკების რეალიზაციის დროს დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და მე-4 ნაწილის "ა" პუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს.