საფინანსო ორგანიზაციები მევალეებს ვეღარ დაემუქრებიან

2017 წლის 1-ელი ივნისიდან ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას “მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი" ამოქმედდება.

ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციებზე არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ, „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ თუ აქამდე მოქმედი რეგულაციები მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალური წესების დაცვას მხოლოდ კომერციულ ბანკებს ავალდებულებდა, ამიერიდან ეს ვალდებულება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებსაც (საკრედიტო კავშირებს და კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტებს) დაეკისრება.

„ახალი წესის მიხედვით, ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია მომხმარებლებთან სესხის ამოღებისას ურთიერთობის ეთიკის კოდექსი შეიმუშაოს. ეს კი ნიშნავს, რომ უფრო ეთიკურად უნდა მოექცნენ მომხმარებელს. ყოფილა შემთხვევები, როცა მომხმარებელი არაკეთილსინდისიერად იქცევა, იმალება, თანხას არ იხდის მაგრამ ამ შემთხვევაში მის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები უნდა გატარდეს. ორგანიზაციას სრული უფლება აქვს იურიდიულად ედავოს, მაგრამ არა მუქარით. ხელშეკრულებაში არსად წერია, რომ ორგანიზაციის თანამშრომელმა უნდა დაურეკოს და მომხმარებელი „ძველბიჭურად აკაჩავოს“, - აღნიშნა კეპულაძემ.

კეპულაძე დადებითად აფასებს აღნიშნულ რეგულაციებს, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება და აღნიშნავს, რომ ახალი წესი ბევრ მანამდე არსებულ პრობლემას მოაგვარებს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალი წესის თანახმად, ფინანსური ინსტიტუტისა და მომხმარებლის ხელშეკრულების შრიფტის ზომაც შეიცვლება.

გიორგი კეპულაძე: „ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები თუ საკრედიტო ინსტიტუტები უფრო მეტად იქნებიან ორიენტირებული მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე. თუ აქამდე ეს საფინანსო ინსტიტუტის კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული, ახლა ვალდებული იქნებიან ახალი წესის შესაბამისად მოიქცნენ. მაგალითად, ვადაგადაცილების შემთხვევაში ბანკის კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული, როდის შეატყობინებდა მომხმარებელს, რომ ვადაგადაცილება აქვს.

ასეთი პრობლემა იყო თავდებობის შემთხვევაშიც. ზოგი კრედიტოფიცერი თავმდებ პირს გვიან აგებინებდა, რომ ის პირი, ვისაც თავდებში დაუდგა, სესხის გადახდას ვერ ახერხებდა. ახალი წესის მიხედვით კი, ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია ვადაგადაცილების შესახებ მსესხებელსაც, თანამსესხებელსაც და თავმდებ პირსაც 5 დღის ვადაში აცნობოს.

„გარდა ამისა, მოქალაქეებს ხშირად ჰქონდათ პრეტენზიები, რომ სრულად ხელშეკრულებას ვერ კითხულობდნენ. შესაბამისად, 2011 წლიდან შემოვიდა წესი, რომლის მიხედვითაც ყველა მნიშვნელოვანი პირობა - სესხის პროცენტი, ეფექტური განაკვეთი, ვადიანობა, ყოველთვიური შესატანი თანხა და ა.შ.

ხელშეკრულების პირველ გვერდზე ე.წ. თავფურცელზე იყო მოცემული, თუმცა, ეს წესი აქამდე მხოლოდ ფიზიკურ პირებს და 50 ათას ლარამდე სესხებს ეხებოდა რადგან ითვლებოდა, რომ იურიდიული პირები, ვინც უფრო დიდ სესხს იღებს, ხელშეკრულებასაც უფრო დეტალურად ეცნობოდა. თუმცა, 1 ივნისიდან ეს წესი იურიდიულ პირებზეც გავრცელდება“.

თაია არდოტელი