იმ დროს, როცა SpaceX -ის ხელმძღვანელი, ელონ მასკი პლანეტა მარსზე ადამიანების დასახლების გეგმაზე მუშაობს, ამაზონის ხელმძღვანელი, ჯეფ ბეზოსი უფრო ახლოს მდებარე ობიექტზე ახდენს კონცენტრირებას და მთვარეზე მუდმივი ბაზის მშენებლობის გეგმაზე აქტიურად მუშაობს.
„ადამიანების რაოდენობის ზრდის პარალელურად, დედამიწაზე მათი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად სულ უფრო ჭირს რესურსების მოძიება, ამიტომ ადამიანებმა უნდა იფიქრონ ამ რესურსების კოსმოსში მოპოვებაზე, ამის საუკეთესო დასაწყისად კი შეგვიძლია განვიხილოთ მთვარეზე მუდმივი ბაზის მშენებლობა“, - განაცხადა ბიზნესმენმა.
ჯეფ ბეზოსის აზრით, კარგი იქნება ამ ბაზის მშენებლობა მთვარის პოლარულ ნაწილებში, კრატერების სიღრმეში, სადაც მზის სხივები ვერ აღწევს და შესაბამისად, არის ალბათობა, რომ ადგილზე მოპოვებული გაყინული წყალი გამოიყენონ შემდგომი მოხმარებისთვის, წყალბადის საწვავად ან ჟანგბადად.
„დროა დავბრუნდეთ მთვარეზე. ამჯერად უკვე მუდმივი დასახლებით. ჩემი სურვილია მილიონობით ადამიანმა იცხოვროს და იმუშაოს კომსოსში“ - დასძინა ბეზოსმა.
ამ მიზნის მისაღწევად ბიზნესმენი კომპანია Blue Origin-ში ყოველწლიურად მილიარდი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. კომპანია კი თავის მხრივ თანამშრომლების რაოდენობას ზრდის და ორ მსხვილ პროექტზე მუშაობს. ერთი მათგანია New Shepard - მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი და მეორე პროექტი - New Glenn, რომელიც გახლავთ მძიმე რაკეტმზიდი. ცნობისთვის New Shepard-მა უკვე განახორციელა ხუთი წარმატებული გაფრენა კოსმოსში და უკან დედამიწაზე. ხომალდს შეუძლია პირველი საექსკურსიო ტურების დაწყება უკვე 2018 წლიდან.
შეგახსენებთ, Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, ჯეფ ბეზოსის ქონება 84 მილიარდ დოლარს შეადგენს.
კოკა კვირკველია