ჩვენ ვაწარმოებთ ისევ მოლაპარაკებებს როგორც ,,ინტერ რაოსთან", ასევე ყაზახურ მხარესთან, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ,,ყაზტრანსგაზისა" და „ინტერრაოს" საქმეებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„სიახლე ჯერჯერობით არაფერია. ჩვენ ვაწარმოებთ ისევ მოლაპარაკებებს როგორც ,,ინტერ რაოსთან", ასევე ყაზახურ მხარესთან. ვნახოთ, შეიძლება ისე მოხდეს, რომ დავები შეწყდეს. ვნახოთ, დაველოდოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ქართული მხარის მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ისინი მიესალმებიან კომპანია ,,ყაზტრანსგაზის" მენეჯმენტში ყაზახური მხარის დაბრუნებას.
„მათ ეს გადაწყვეტილება ვერ თუ არ მიიღეს, მე ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება. გრძელდება მოლაპარაკებები",- განაცხადა კალაძემ.
„ინტერ რაოს" ნიდერლანდური სტრუქტურები, რომლებიც საქართველოში აქტივებს ფლობენ, საქართველოს ხელისუფლებისგან, ლარის გაუფასურების გამო, კომპენსაციას ითხოვენ და ამ მიზნით საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. „ინტერ რაო"-ში ათეულობით მილიონობით ზარალზე საუბრობენ.
რაც შეეხება კომპანია "ყაზტრანსგაზს, კომპანია აპროტესტებს 2009 წელს "ყაზტრანსგაზ თბილისში" სპეციალური მმართველის დანიშვნას და მათ მიაჩნიათ, რომ ამით დაირღვა "ყაზტრანსგაზის", როგორც უცხოელი ინვესტორის უფლებები, რადგან დანიშვნის შემდეგ კომპანია "ყაზტრანსგაზ თბილისის" საქმიანობაში ყახაზური მხარე ფაქტობრივად ვეღარ მონაწილეობს.
რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კომპანია "ყაზტრანსგაზმა" შესაძლოა, ქართულ მხარეს ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს.