ქართველ მშენებლებს ისრაელში დასაქმების პერსპექტივა გაუჩნდათ

საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატა ისრაელში ქართველი მშენებლების დასაქმებაზე მუშაობს.

როგორც bpn.ge-ს სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ, იციკ მოშემ განუცხადა, შესაბამისი განცხადებით ისრაელის პარლამენტს წერილობით უკვე მიმართა და საწყის ეტაპზე, საქართველოს 500 მოქალაქეზე სამუშაო ნებართვა მოითხოვა.

”ისრაელში სამშენებლო ბუმია და იქ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, მათ შორის ინდონეზიიდან, თურქეთიდან და აფრიკიდან მშენებლები ყოველწლიურად სამუშაოდ ჩადიან. ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეების დასაქმებისთვის ეს კარგი შანსია. ანაზღაურების გარდა, ისრაელში თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებს აითვისებენ, რომელსაც შემდგომ სამშობლოში გამოიყენებენ”, - განაცხადა იციკ მოშემ.

მისი თქმით, ისრაელში მშენებლების საშუალო ხელფასი 2 ათასი დოლარია, გარდა ამისა, ისინი დაზღვევასა და სხვა სოციალური დახმარებებსაც მიიღებენ.

სავაჭრო პალატაში იმედოვნებენ, რომ გადაწყვეტილების მიღებას ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებაც შეუწყობს ხელს.

ოფიციალური ინფორმაციით, ისრაელის სამშენებლო სექტორში 33,5 ათასი მუშის დეფიციტია. უცხოეთიდან მშენებლების შემოყვანაზე ქვეყნის მთავრობამ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2011 წელს მიიღო. დღემდე, დასასაქმებელთა ძირითად წყაროდ ჩინეთს მოიაზრებდნენ, თუმცა, მოლაპარაკებები სამუშაო ქვოტებზე ჯერ კიდევ მიღწეული არ არის.