შპს ”დიდუბის ბაზარსა” და ბაზრობა ”მზ” - ს შორის ჭიშკარი არავითარ შემთხვევაში არ გაიხსნება, - ამის შესახებ შპს ”დიდუბის ბაზრის” იურისტმა გიორგი ფოფხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
იურისტი გამოეხმაურა ბაზრობა ”მზ”-ს მოვაჭრეების აქციას და განმარტა, რომ ორ ბაზარს შორის გამყოფი ჭიშკრის არსებობა კანონს არ არღვევს. რაც შეეხება მოვაჭრეების აქციას, გიორგი ფოფხაძის თქმით, ისინი ხელმძღვანელობის მხრიდან არიან წახალისებულები, ხოლო ხელმძღვანელობას კომერციული ინტერესები ამოძრავებს.
”შპს ”დიდუბის ბაზრის” პოზიციაა, რომ ბაზრებს შორის არსებული ჭიშკარი არ გაიხსნება. შპს ”დიდუბის ბაზარი” ემორჩილება კანონს და ჩვენ სასამართლოში გავასაჩივრეთ მერიის ის დადგენილება, რომელიც არქიტექტურის სამსახურმა გამოიტანა და რომელიც ჭიშკრის გაღებას ეხება. შპ ”მზ”-ს დირექციას ამოძრავებს კომერციული ინტერესები და კონკურენტი ბაზრობა სპეციალურად „აბუნტებს“ მოვაჭრეებს”, - განაცხადა იურისტმა გიორგი ფოფხაძემ.
დიდუბის ბაზარში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა თქმით, დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო სივრცე ხელოვნურად გაყო ორმა მფლობელმა, გაყოფის შედეგად კი, ერთ-ერთი ბაზრის მოვაჭრეებს პრობლემები ექმნებათ, როგორც უსაფრთხოების, ასევე საკუთარი პროდუქტის რეალიზების კუთხით. მოვაჭრეები მოითხოვენ ორ ბაზარს შორის არსებული გამყოფი ღობე მოიხსნას და მათ მიეცეთ საშუალება ნორმალურად ივაჭრონ.