ჩემი იურიდიული კომპანიის მხრიდან საქართველოს პარლამენტის წევრ გელა მიქაძის წინააღმდეგ სამოქალაქო დავები საქართველოშიც მიმდინარეობს, - ამის შესახებ RAKIA GEORGIA-ის იურისტმა ნათია წკეპლაძემ განაცხადა. მისი თქმით, არასოლიდურია მიქაძის ადვოკატის შეფასება გაერთიანებული საემიროების სასამართლოს მუშაობასთან დაკავშირებით.
წკეპლაძე აღნიშნავს, რომ მხარეებს საქმის მასალები კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარდა, რაც პროცესუალური მომზადებისთვის საკმარისი დროა. იურისტი იმედოვნებს, რომ დეპუტატ მიქაძის წინააღმდეგ საქართველოში წარმოებულ საქმეებთან დაკავშირებით სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს.
”საქმე ეხება ათეულობით მილიონ ამერიკულ დოლარს. ჩემი იურიდიული კომპანიის მხრიდან საქართველოს პარლამენტის წევრ გელა მიქაძის წინააღმდეგ სამოქალაქო დავები საქართველოშიც მიმდინარეობს. გამომდინარე იქიდან, რომ მილიონობით თანხა და ქონებაა მითვისებული, ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
არასოლიდური განაცხადია, როდესაც ამბობენ სასამართლო მიკერძოებული იყო ან არ იყო მიკერძოებული. ამისთვის არსებობს პროცედურული უფლებები, მხარეს უნდა მიეღო პროცესში მონაწილეობა, დაემტკიცებინა თავისი სიმართლე და თუ ამას ვერ უზრუნველყოფდა, მერე შეიძლებოდა სასამართლოს ობიექტურობის შეფასება. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, მეორე მხარეს კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარდა შეტყობინება და პროცესუალურად მომზადებისთვის საკმარისი დრო ჰქონდათ”, - განაცხადა ნათია წკეპლაძემ.
კომპანია Raystar Trade-სთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე RAKIA GEORGIA დღეს ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს.
საქართველოს პარლამენტის წევრს „პატრიოტთა ალიანსიდან“ გელა მიქაძეს არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 17,2 მილიონი აშშ დოლარის მითვისების ბრალდებით 15-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, რას ალ ხაიმას სისხლის სამართლის სასამართლომ RAKIA-ს ყოფილ ხელმძღვანელს ხატერ მასაადსა და RAKIA-ს ორ ყოფილ აღმასრულებელ პირს, გელა მიქაძესა და გიორგი ჯანაშიას, ფულადი სახსრების მითვისებისთვის, დაუსწრებლად 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას Gulf Business ავრცელებს. გარდა ამისა, მასაადმა, ასევე გელა მიქაძემ და გიორგი ჯანაშიამ, რომლებიც RAKIA Georgia-ში მუშაობდნენ, ჯარიმის სახით 17,2 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაიხადონ.