თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია 7 ივლისს, 13:00 საათზე დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თემურ თორდინავას თქმით, თბილისის საჯარო ბაღებში 2017-18 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი დაიწყება 7 ივლისს, 13:00 საათზე, რომლის დროსაც რეგისტრაციას სააგენტოს ვებ-გვერდზე გაივლიან სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, ასევე იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილი ან შვილები იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით უკვე სარგებლობენ, ასევე 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები.

სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 14 ივლისს, 13:00 საათზე. ამ შემთხვევაში რეგისტრაციას გაივლიან იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც პირველ ეტაპზე დარეგისტრირებულთა კატეგორიებში არ შედიან.

თორდინავამ საუბრისას აღნიშნა, რომ ახალი სააღმზრდელო წლისთვის თბილისში 13 000-მდე ბავშვის რეგისტრაცია იქნება შესაძლებელი, რაც წინა წლებთან შედარებით უპრეცედენტო რაოდენობაა. მისივე თქმით, ბაღებში ჯგუფების დამატება ახალი ბაღების მშენებლობით გახდა შესაძლებელი. სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, დღეისათვის თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში 60 000-მდე აღსაზრდელი დადის.