დღეს დოლარის კურსი სხვა ძირითად ვალუტებთან მიმართებაში თითქმის არ იცვლება, რადგან ინვესტორები ფედრეზერვის ბოლო შეხვედრის ჩანაწერთა გამოქვეყნების მოლოდინში არიან.
ჩანაწერებში მათ აინტერესებთ ისეთი მინიშნებების დაფიქსირება, რომლებიც დოლარზე საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით, ფედრეზერვის უახლოეს გეგმებს მეტნაკლებად ნათელს მოჰფენს.
ამ მოლოდინში, დოლარის ინდექსი მცირედით გაიზარდა, რაც სახელმწიფო ობლიგაციების მომგებიანობის ზრდამ განაპირობა. ევროსთან წყვილში (EUR/USD) დოლარის ფასი 1.1186-მდე გაიზარდა, როცა სამშაბათს ბოლო ექვსი თვის მაქსიმუმზე (1.1268) იყო. თუმცა ეს ცვლილება უმნიშვნელოა.
ბოლო დროს დოლარის სისუსტე რიგმა მოვლენებმა გამოიწვია. მათ შორისაა გამოძიების ფედერალური ბიუროს ძიება, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის მხრიდან შესაძლო ზემოქმედებას ეხება. მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის მიუხედავად, ბრიტანული სტერლინგი ამერიკულ ვალუტასთან მიმართებით (GBP/USD) 0.27%-ით 1.2994-მდე გაიზარდა. დოლარი 0.08 პროცენტით შემცირდა იაპონურ იენთან მიმართებაში (111.86), თითქმის არ შეცვლლა შვეიცარიულ ფრანკთან, 0.12 პროცენტით გამყარდა ავსტრალიურ დოლართან და ოდნავ დასუსტდა ზელანდიურ დოლართან მიმართებაში. დილით ამერიკული დოლარის ინდექსის მაჩვენებელი 97.420-თან იმყოფებოდა. არადა, ორშაბათს ბოლო 7 თვის მინიმუმზე (96.797) იყო.
დღეს სარეიტინგო სააგენტო „მუდისმა“ ჩინეთის საკრედიტო რეიტინგი დაწია, რაც დაახლოებით ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად მოხდა. სააგენტო თვლის, რომ ცისქვეშეთის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდება, რადგან ამ ქვეყნის ეკონომიკის ზრდა შენელდა და იმავდროულად, სახელმწიფო ვალი უფრო მაღალი ტემპით იზრდება.