თვითმმართველობის სტატუსის შესანარჩუნებლად, ოზურგეთის მოსახლეობამ 200-მდე ხელმოწერა პარლამენტის დეპუტატებს გადასცა

თვითმმართველობის სტატუსის შესანარჩუნებლად, ოზურგეთის მოსახლეობამ 200-მდე ხელმოწერა ოზურგეთში, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს გადასცა.

მოსახლეობამ სწორედ დღევანდელ შეხვედრაზე დეპუტატებს ყველაზე მეტი შეკითხვა ამ კუთხით დაუსვა.

მათ ასევე შეკითხვებისას პრეზიდენტის არჩევის წესსა და მანდატების გადანაწილებაზეც ისაუბრეს. "ჩვენ ქალაქის მასშტაბით 200-მდე ხელმოწერა შევაგროვეთ, რათა თვითმმართველი ერთეულის გაუქმება არ მოხდეს. ხელმოწერები შეგროვდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა და გვინდა, რომ ჩვენი შეხედულება ამ საკითხზე მაჟორიტატმა იცოდეს",- აცხადებს თამაზ ტრაპაიძე.

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია"ქართული ოცნების" დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მოსახლეობას თვითმმართველობაში დაგეგმილ ცვლილებებზე ცრუ ინფორმაცია აქვს. მისი თქმით, ეს პოლიტიკურად მიზანმიმართულად ხორციელდება, რათა ცალკეულმა პარტიებმა პოლიტიკური ქულები დაიწერონ.