წელს სახელმწიფო საფერავის ჯიშის ყურძნის სუბსიდირებას აღარ განახორციელებს - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, საფერავის სუბსიდირების შეწყვეტა მთავრობას უკვე გადაწყვეტილი აქვს, რქაწითელის ჯიშზე კი, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. სახელმწიფო სუბსიდირებიდან გამოსვლას გასულ წელსაც გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ მთავრობამ ამ პროგრამის გაგრძელება გადაწყვიტა. 2016 წელს ყველა მევენახემ ერთ კილოგრამ რქაწითელსა და მწვანეზე ბიუჯეტიდან 45 თეთრი, ერთ კილოგრამ საფერავზე კი - 20 თეთრის სუბსიდია მიიღო. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წელს 65 ათასი ტონა რქაწითელი და 42 ათასი ტონა საფერავის ჯიშის ყურძენი ჩაბარდა. ჯამში, ყურძენში გადახდილმა თანხამ 100 მილიონი ლარი შეადგინა.
გურჯაანის რაიონის მკვიდრი, ფერმერი გიორგი ნინიძე მიიჩნევს, რომ სუბსიდიის შეწყვეტა გლეხებს ნამდვილად არ დააზარალებს:
გიორგი ნინიძე - მთავარია, სახელმწიფო ფასწარმოქმნაში არ ჩაერიოს, თორემ ღვინის ქარხნები ამ ფულს უპრობლემოდ გადაიხდიან. წინა ხელისუფლება უხეშად ერეოდა ფასწარმოქმნაში და ქარხნებს პირდაპირ მიუთითებდა - ამა და ამ თანხაზე მეტი არ გადაიხადოთო. რაც შეეხება სუბსიდიას, 20-25 თეთრი ისედაც ბევრს ვერაფერს ცვლიდა, ამიტომ, სუბსიდირების შეწყვეტა არავის დააზარალებს.
თანაც, საფერავი ისეთი ჯიშია, რომ დაფინანსება არ უნდა სჭირდებოდეს. ყველაზე დაბალი ფასის საფერავის ღვინო მაღაზიებში 13-14 ლარი ღირს. ქარხნები 1 კგ საფერავს ერთ ლარად იბარებენ, საიდანაც დაახლოებით 600 გრამი ღვინო გამოდის. რამდენი უნდა დახარჯოს მეღვინემ ყურძნის გადამუშავებაში, რომ წაგებაზე წავიდეს? თუ წარმოგიდგენიათ რამდენპროცენტიან მოგებაზე მუშაობენ ღვინის ქარხნები? მით უმეტეს, რომ გაიხსნა ჩინეთის, რუსეთის, პოლონეთის და უკრაინის ბაზრები, სადაც ქართული ღვინის მთელი მარაგი გავიდა და ღვინის ქარხნებში ღვინო აღარა აქვთ. მთავრობა არ უნდა ჩაერიოს, თორემ კარგი ყურძნის ფასი შეიძლება 5 ლარამდეც ავიდეს.
თელავის ღვინის მარნის თანადამფუძნებელი - ზურაბ რამაზაშვილიც ფიქრობს, ამ ცვლილებით ყველა მოგებული დარჩება, განსაკუთრებით, სახელმწიფო, რომელსაც რთველის დროს ამხელა თანხის გაღება აღარ მოუწევს:
ზურაბ რამაზაშვილი - ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო უარს ამბობს ბიზნესში ჩარევაზე. სუბსიდია - ეს არის ერთჯერადი შეღავათი, მაგრამ ზოგადად, ეს არის სახელმწიფოს ჩარევა საბაზრო ურთიერთობებში, რაც საბოლოოდ, უარყოფითად აისახება ბაზრის სიჯანსაღეზე. სუბსიდირების დროს ხარისხიანი პროდუქციის წარმოება კლებულობს, რადგან მწარმოებელს მინიმალური თანხის მიღების გარანტია აქვს და მისი მოტივაციაც მცირდება. ამით ბაზარზე არაჯანსაღი კონკურენცია იქმნება. რაც ნაკლებია სახელმწიფოს ჩარევა, მით უფრო ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანია ბიზნესი, ეს კი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას და მდგრადობას გულისხმობს. შეიძლება სუბსიდიის მოხსნით ვიღაც უკმაყოფილო იყოს, მაგრამ მთლიანობაში ეს დადებითი გადაწყვეტილებაა.
სწავლული აგრონომი აკაკი ღლონტი კი აცხადებს, რომ სუბსიდირება წლების განმავლობაში გრძელდებოდა და ქართული სახელმწიფო გლეხებს უკვე საკმარისად დაეხმარა:
აკაკი ღლონტი - სუბსიდირებით სახელმწიფო ამ დარგს დაეხმარა, რომ მევენახეებს საქმე გამოესწორებინათ და ვენახები გაეშენებინათ. სახელმწიფო ამ დროს უბრალოდ კატალიზატორის როლს ასრულებს და თუ რომელიმე კულტურა ვერ გაამართლებს, მის დახმარებას წყვეტს. ასეა ყველგან, მაგალითად, ინგლისში წარმოება რომ გაკოტრდება, სახელმწიფო უკან იბრუნებს, აძლიერებს და ხელახლა ყიდის. ჩვენმა სახელმწიფომ გლეხებს საკმარისი რაოდენობით სუბსიდია გამოუყო, ახლა უკვე ქარხნებმა უნდა გადაიხადონ ყურძნის სრული ფასი. როცა ერთი ბოთლი კარგი ღვინო 30 და 40 ლარი ღირს, რა გაუჭირდათ ისეთი, რომ ყურძნის ფასი ვერ გადაიხადონ? ჩემი აზრით, ბიზნესმა სახელმწოფოს ეს ტვირთი უნდა მოუხსნას. ყურძნის ფასი უნდა აანაზღაურონ ქარხნებმა და არა - სახელმწიფომ, რომელსაც ისედაც ბევრი სოციალური ხარჯი აქვს.
ამავე მოსაზრებას იზიარებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი - პაატა ბაირახტარიც:
პაატა ბაირახტარი - სახელმწიფომ რთველის სუბსიდირება დაიწყო იმ მიზნით, რომ მევენახეები მომძლავრებულიყვნენ და უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსულიყვნენ, მაგრამ სუბსიდირებამ არ უნდა მიიღოს მუდმივი ფორმა, ეს ტრადიციად არ უნდა დამკვიდრდეს, რადგან ყურძენიც ჩვეულებრივი პროდუქტია და მისი ფასიც მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე უნდა ყალიბდებოდეს. თუ რომელიმე დარგი მუდმივად სუბსიდირებაზე იქნება დამოკიდებული, ის ვეღარ გაძლიერდება. ამიტომ, სუბსიდირების პერიოდი ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს და ფასი მოთხოვნა-მიწოდებას დაექვემდებაროს. მართალია, სოფლის მეურნეობას ყველგან ეხმარებიან, მაგრამ ამას არა აქვს მუდმივი ფორმა. იმის თქმა, რომ მთავრობა არაფერს აკეთებს მევენახეებისთვის, შეცდომაა. უკვე რამდენიმე წელია სახელმწიფო ამ დარგს ეხმარება და აფინანსებს. თანაც, ბოლო ხანებში ახალი ბაზრებიც ავითვისეთ და ამის გამო ყურძენზე მოთხოვანა კიდევ უფრო გაიზარდა.
„აფბას“ ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ახალი რეალობიდან გამომდინარე, ბიზნესმა უნდა შეძლოს მეღვინეობის დარგის სწორად განვითარება და სუბსიდიების გარეშე არსებობა: „თუ ქართველი მეღვინეები ახალ ბაზრებს ხელსაყრელ ფასს და მაღალ ხარისხს შესთავაზებენ, იმის საჭიროება, რომ ეს დარგი სახელმწიფომ ხელოვნურად ასულდგმულოს, აღარ იარსებებს“ - აღნიშნავს პაატა ბაირახტარი.
ხათუნა ჩიგოგიძე