ჩინეთში 1 ტონა ტვირთამწეობის დრონის გამოშვებას გეგმავენ

საცალო ვაჭრობაზე სპეციალიზებული ჩინური კომპანია დიდი ტვირთამწეობის დრონის შექმნას აპირებს, რომელიც ჰაერით 1 ტონამდე ტვირთის გადატანას შეძლებს. ეს კი ნიშნავს, რომ შორიდან მართული საჰაერო სატვირთო ტრანსპორტით, სუბკომპაქტური ჰეჩბეკ „მიცუბიში კოლტით“, საშუალო ზომის ნიანგის და პოლარული დათვის გადაყვანა იქნება შესაძლებელი.

კომპანია crocs. JD.com ახალ, დიდი ტვირთამწეობის დრონს, ჩინურ პროვინცია შაანსისთვის (ცენტრალური ჩინეთი) ამზადებს, რომლის მთავრობამაც, პროვინციის ტერიტორიაზე, მცირე სიმაღლეზე მფრენი ტრანსპორტით, ტვირთების გადატანის ქსელის დაშვებაზე თანხმობა განაცხადა. ჰაერით მიწოდების ქსელი 300 კილომეტრის რადიუსში იმოქმედებს.

ქსელში ასობით საჰაერო მარშრუტი გაერთიანდება და მას რამდენიმე ბაზა მოემსახურება, რომლებზეც სხვადასხვა ტვირთამწეობის დრონები განლაგდება. დრონები ელექტრონული კომერციით შეძენილი ტვირთების გადატანას მოემსახურება. საჰაერო ტრანსპორტით ასევე შესაძლებელი გახდება რეგიონებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების ქალაქებში მიწოდება, ქალაქიდან კი მიწის დამუშავებისთვის საჭირო ქიმიკატების გადატანა.

crocs. JD.com-ს ჩინეთის ფარგლებში 200 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. კომპანიამ ახლახან გახსნა კვლევის და განვითარების ცენტრი, რომელსაც ახალი დრონების ტესტირებისათვის საჭირო საჰაერო სივრცე აქვს. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ შაანსის პროვინციაში დიდი ტვირთამწეობის დრონების წარმატებული ექსპლუატაციის შემთხვევაში, მასზე მოთხოვნა სხვა პროვინციებშიც გაჩნდება.

ცნობისათვის, ამჟამად დრონების ტვირთამწეობის რეკორდად (რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია დაფიქსირებული) 61 კილოგრამია მიჩნეული. ასეთი დრონი ნორვეგიელმა სტუდენტებმა შექმნეს. გარდა ამისა, ნორვეგიული კომპანია „გრიფ ევიეიშენ“ ირწმუნება, რომ შემუშავებული აქვს დრონი, რომელსაც 225 კილოგრამი ტვირთის გადატანა შეუძლია. უფრო მეტიც, მის გეგმებში, კიდევ უფრო მძლავრი დრონის შემუშავება შედის, რომლითაც 800 კილოგრამი ტვირთის გადატანა იქნება შესაძლებელი.

მერაბ ლორთქიფანიძე