Teavana Oprah Chai Tea – ანუ როგორ გაერთიანდნენ ოპრა უინფრი და Starbucks–ი

თუკი ვინმე ფიქრობდა, რომ ოპრა უინფრი ბრწყინვალე სატელევიზიო კარიერის შემდეგ უბრალოდ ცხოვრებით ტკბება და ნაშოვნ მილიარდებს ხარჯავს, ძალიან ცდება. ტელეეკრანის დედოფლისა და წარმატებული ბიზნეს ვუმენის სახელი მალე Starbucks-ის ახალი ბრენდის პროდუქტზე გაჩნდება.

პარტნიორობის შესახებ უინფრიმ და Starbucks-ის მფლობელმა, ჰოვარდ შულცმა ერთობლივად განაცხადეს.

Teavana Oprah Chai Tea - ასე ერქმევა Starbucks-ის ახალ, ოპრას სახელობის ჩაის, რომელიც 29 აპრილიდან გაყიდვაში იქნება როგორც Starbucks-ის, ისე მისი ახალი მიმართულების, Teavana-ს საჩაიეების ქსელში.

ოპრა და ჰოვად შულცი საერთო გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლის ქველმოქმედებაზე დახარჯვას გეგმავენ. უფრო ზუსტად კი იმ ორგანიზაციებს გადაურიცხავენ, მათ შორის თავად ოპრას მიერ დაფუძნებულ ლიდერობის აკადემიას, სადაც მხოლოდ სამხრეთ აფრიკელი გოგონები იღებენ განათლებას.

უინფრიმ და შულცმა ერთმანეთი გასულ წელს გაიცნეს, როცა ოპრამ Starbucks-ის მილიარდერ მფლობელთან Super Soul Sunday შოუსათვის ინტერვიუ ჩაწერა.

“ყოველდღიური ჩაის რიტუალი ჩემი დილის სასიცოცხლო ნაწილია," - განუცხადა უინფრიმ Starbucks-ის აქციონერებს გუშინ გამართულ წლიურ შეხვედრაზე, სადაც მან და შულცმა გაერთიანების შესახებ განაცხადეს.

“როდესაც ჰოვარდ შულცმა შემომთავაზა მივსულიყავი Starbucks-ში და შემექმნა ჩაის ნაზავი ჩემი გემოვნებით, გავიფიქრე, რომ ეს უნიკალური შესაძლებლობა იყო - მე ხომ ასე ძალიან მიყვარს ცხარე ჩაი ქონდრის ღრმა არომატით.”

შულცის მიერ Teavana-ს ქსელის ერთ-ერთ პირველ სახედ ოპრაზე არჩევანის შეჩერება წესით, მომგებიანი უნდა იყოს, რადგან თავისი ახალი ბრენდით ის 90 მილიარდ აშშ დოლარიან მსოფლიო ჩაის ბაზარზე აპირებს კონკურენციის გაწევას.

Teavana გამორჩეული ჩაის სახეობებისა და მასთან დაკავშირებული აქსესუარების ქსელია. კომპანიას საჩაიეები მთელი აშშ-ის მასშტაბით აქვს გახსნილი, ასევე კანადასა და მექსიკაში. 2012 წლის ბოლოს ბრენდი Starbucks-მა 620 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა.

Teavana-ს სამიზნე მომხმარებლები არიან ქალები შედარებით მცირე შემოსავლით, რომლებიც განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან ისეთი წვრილმანი ცხოვრებისეული სიამოვნებების მიმართ, როგორიცაა მაგალითად ფინჯანი ჩაი ან იოგას გაკვეთილი. სწორედ ამიტომ, ოპრა უინფრი, რომელიც პიროვნულად ერთდროულად სულიერებასა და პრაქტიკულობასთან ასოცირდება, ასეთი ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად, ალბათ, საუკეთესო კანდიდატურა იქნება.