თბილისის ყველაზე ძვირად ღირებული ქუჩები

თბილისში საცხოვრებელი ბინების ფასის შემცირების პარალელურად, კომერციული ფართებიც გაიაფდა. გაყიდვებით ვაკის, საბურთალოსა და სამგორის რაიონები ლიდერობდნენ. ყველაზე ძვირი ფართები, როგორც გაყიდვის, ისე დაქირავების თვალსაზრისით, ვაკისა და საბურთალოს ტერიტორიაზეა.

Allnews.ge დაინტერესდა თუ რომელი ქუჩებია ამ მხრივ ყველაზე ძვირად ღირებული დედაქალაქში. როგორც უძრავი ქონების სარეალიზაციო ვებგვერდებზე დაკვირვებით გამოიკვეთა, ყველაზე ძვირი ვაკეში მდებარე ფალიაშვილის ქუჩაა. აქ კომერციული ფართის დაქირავების შემთხვევაში 1კვ.მ-ზე 15$-დან 125$-მდე გადაიხდით, რა თქმა უნდა, კომერციული ფართის მდგომარეობაც გასათვალისწინებელია, გარემონტებულია თუ არა იგი, ასევე გაყიდვების თვალსაზრისით, რამდენად ხელსაყრელ ადგილზეა და ა.შ.

მაღალი ფასების მიხედვით, ერთ-ერთი ლიდერი, ასევე პეკინის ქუჩაა, რადგან აქ კომერციული ფართების ქირის ღირებულება 1 კვ.მ-ზე 11$-დან 100$-მდე მერყეობს. უკვე მოწყობილი კომერციული ობიექტის, მაგალითად, სილამაზის სალონის დაქირავების შემთხვევაში, 1 კვ.მ-ის ღირებულება 30-40$-დან იწყება.

კომერციული ფართების ქირის ღირებულება საკმაოდ მაღალია სოლოლაკშიც, კოტე აფხაზის ქუჩაზე, სადაც ბევრი ტურისტი გადაადგილდება და კვების ობიექტები მუდმივად მომხმარებლებითაა სავსე, 1 კვ.მ ფართობში 10$-დან 80$-მდე გადაიხდით.

მელიქიშვილის გამზირსა და რუსთაველის გამზირზე 1 კვ.მ-ს დაქირავებას ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 20$-70$-ში შეძლებთ.

რაც შეეხება საბურთალოს ტერიტორიას, აქ როგორც ბინების, ასევე კომერციული ფართების დაქირავებაც საკმაოდ ძვირია.

მაგალითად, შარტავას გამზირზე კომერციული ფართების ქირის ფასი 27$-დან იწყება. გაგარინის მოედანიც ფასების თვალსაზრისით ერთ-ერთი ლიდერია, რადგან აქ კომერციული ფართის დაქირავების შემთხვევაში, 1 კვ.მ-ში დაახლოებით, 11$-25$-ს გადაიხდით. იხილეთ გაგრძელება